„ევროპულმა საქართველომ” საქართველოში დაწესებულ იმ შეზღუდვებსა და აკრძალვებზე ისაუბრა, რომელსაც საქართველოს მთავრობა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიმართავს.
გიგა ბოკერიას განცხადებით, შემოღებული შეზღუდვები იყო აბსურდული და სრულდებოდა შერჩევითად, რამაც შეზღუდვებით მიღწეულ ეპიდემიოლოგიურ სურათს აზრი დაუკარგა. ბოკერია ამბობს, რომ ბევრმა ქვეყანამ ეკონომიკის სწრაფად გახსნა დაიწყო და ახლა მნიშვნელოვანია, ვინ რა ტემპით გამოვა დაწესებული შეზღუდვებიდან. „ის, ვინც დააგვიანებს ამ პროცესში, მიიღებს კიდევ უფრო მეტ ზარალს და ეს აისახება მოქალაქეებზე“, – ამბობს ოპოზიციონერი დეპუტატი.
გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული შეზღუდვებიდან გამოსვლის გეგმა ნელი ტემპისაა და გაუაზრებელი. ოპოზიციური პარტია ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ:
-
„8 მაისს გახსნას ეკონომიკა, გახსნას ბიზნესები და მოქალაქეებს მისცეს შანსი, შეინარჩუნონ ოჯახები. იქამდე უნდა შეიმუშავონ გონივრული წესები თითოეული კატეგორიის ბიზნესისთვის, მაგალითად, პირბადეების სავალდებულობა დახურულ სივრცეში, სოციალური დისტანიის დაცვა და მათი დარღვევისთვის უნდა იყოს ჯარიმები და ადეკვატური სანქციები.
-
მყისიერად მოხსნას კომენდანტის საათი, რომელსაც არანაირი დასაბუთება არ აქვს;
-
აღადგინოს ქალაქებს შორის გადაადგილება, იმიტომ, რომ ესეც უმძიმეს დარტყმას აყენებს ქვეყანას. იქვე უნდა შემოიღოს სწრაფი და მასობრივი ტესტირების წესი, სადაც ზონა არის ინციფირების;
-
კერძო ავტომობილებით გადაადგილებასთან დაკავშირებული აბსურდული შეზღუდვები, რომლებიც ურტყამს უამრავ ოჯახს, მყისიერად უნდა გაუქმდეს;
-
უნდა გაუქმდეს სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ექსკლუზივი, რომლებიც მიეცა ფირმებს და კონკურენცია უნდა იყოს კომპანიებს შორის;
-
გაიხსნას საჰაერო სივრცე, ოღონდ იქვე შეიძლება დაწესდეს ტესტირებისა და კარანტინის აუცილებლობა შემომსვლელი ადამიანებისთვის;
„ევროპული საქართველოს” განცხადებით, უნდა შენარჩუნდეს შეზღუდვები 70 წელს გადაცილებული რისკჯგუფებისთვის, ასევე უნდა შენარჩუნდეს შეზღუდვები მასობრივ შეკრებებზე.
საქართველოს მთავრობას დაწესებული შეზღუდვების გაუქმების 6-ეტაპიანი გეგმა აქვს წარმოდგენილი. პრემიერის თქმით, ეკონომიკის გახსნა უნდა იყოს ეტაპობრივი და უკიდურესად ფრთხილი.
„ეს ყველაფერი ისე უნდა მიმდინარეობდეს, რომ ნებისმიერ მომენტში ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების შემთხვევაში ჩვენ უნდა შევძლოთ უკან გადახვევა ან შემდეგ ეტაპზე გადასვლის შეჩერება“, – განაცხადა გახარიამ.
მისი თქმით, ეკონომიკურ საქმიანობაზე შეზღუდვები ეტაპობრივად აღდგება და ეტაპებს შორის 2-კვირიანი შუალედი იქნება.
რომელ ეტაპზე რა გაიხსნება და როგორ აღდგება ეკონომიკური საქმიანობა – იხილეთ ბმულზე.