ევროპის საბჭო აცხადებს, რომ 2026 წლის 18–19 სექტემბერს ბახმაროში ჩატარებული სემინარი, სახელწოდებით „არჩევანი დემოკრატიული კულტურის სასარგებლოდ“, არ ითვალისწინებს მიმღები ორგანიზაციისთვის გრანტის გადაცემას.
ევროპის საბჭო ასევე ხაზს უსვამს, რომ არც არმაზ ახვლედიანისთვის და არც „თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის“ სხვა წარმომადგენლებისთვის ჰონორარი არ გადაუხდია.
„პუბლიკის“ კითხვის პასუხად გამოგზავნილ წერილში ევროპის საბჭო მიუთითებს, რომ აღნიშნული სემინარი ევროპის საბჭოს პროექტის „სამოქალაქო დიალოგის მხარდაჭერა საქართველოში“ და „თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის“ (TSPS) ერთობლივი ღონისძიებაა. სემინარი საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024–2027 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში გაიმართა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასთან მჭიდრო კონსულტაციების საფუძველზე მომზადდა.
„სემინარი ევროპის საბჭოს მიერ უშუალოდ ხორციელდება და მხარდაჭერილია, როგორც პროექტის ერთ-ერთი აქტივობა, ხოლო თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა ღონისძიების პარტნიორი და მასპინძელია.
ღონისძიება არ ითვალისწინებს საქართველოს რომელიმე მიმღები ორგანიზაციისთვის გრანტის გადაცემას.
სემინარზე დასწრება მხოლოდ მოწვევით იყო შესაძლებელი და ღონისძიება მედიისთვის ღია არ ყოფილა. ღონისძიებაზე მოსაწვევები ფართოდ გაეგზავნა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის კურსდამთავრებულებს, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ფართო სპექტრს წარმოადგენენ. აღნიშნული მიზნად ისახავდა ღია და კონსტრუქციული დისკუსიის ხელშეწყობას, სადაც განსხვავებული მოსაზრებები იქნებოდა წარმოდგენილი.
ევროპის საბჭოს მიერ სემინართან დაკავშირებით არმაზ ახვლედიანისთვის, ისევე როგორც თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის სხვა წარმომადგენლებისთვის, ჰონორარი არ გადაუხდიათ“, – ნათქვამია ევროპის საბჭოს წერილში.
21 სექტემბერს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა არმაზ ახვლედიანის პოლიტიკური სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო – უწყებამ განაცხადა, რომ აუდიტის სამსახურის ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტში დაწყებულია მონიტორინგი „თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის” მიერ სავარაუდოდ გრანტის საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე მიღების ფაქტზე“.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბახმაროში გამართული სემინარის შესახებ განცხადება რამდენჯერმე გააკეთა, მათ შორის 21 სექტემბერს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე მან არმაზ ახვლედიანს „რადიკალი ოპოზიციონერი“ უწოდა და ევროსაბჭოს ქართული ოფისის მიმართ ბრალდებებიც გააჟღერა. მისი თქმით, სავარაუდოდ, საქმე გვაქვს კანონის გვერდის ავლასთან, რასაც აუდიტის სამსახური შეისწავლის და „საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა შეიცვალოს კანონმდებლობაც“.
პაპუაშვილის თქმით, ეჭვი აქვს, რომ შესაძლოა, ევროპის საბჭოს ადგილობრივმა ოფისმა სემინარისთვის სასტუმროს, ტრანსპორტისა და კვების ხარჯები თავად დაფარა და მომხსენებლებსაც გადაუხადა თანხა. პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში ფორმალურად მომსახურების ხელშეკრულება შესაძლოა, შინაარსობრივად გრანტად ჩაითვალოს.
მისივე თქმით, კანონმდებლობა ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც ხელშეკრულება ფორმალურად მომსახურების ხელშეკრულებაა, თუმცა თავისი არსით გრანტს წარმოადგენს. პაპუაშვილის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში გარიგება გრანტად უნდა ჩაითვალოს და მასზე შესაბამისი რეგულაციები გავრცელდეს.
„ვნახოთ, ძალიან თეთრი ძაფით ნაკერ კანონის გვერდის ავლას ჰგავს ეს ყველაფერი. სკანდალი იქნება, თუ ევროსაბჭოს ადგილობრივი ოფისი აღმოჩნდება ამაში გარეული. ეს იქნება კატასტროფული სკანდალი. ამიტომაც, დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვი. იმიტომაც არსებობს აუდიტის სამსახური, რომ ეს ყველაფერი მოიკვლიოს“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.