ევროსაბჭო მზადაა, საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი, როდესაც 12 პუნქტი შესრულდება - ომბუდსმენმა მიშელის ოფისისგან პასუხი მიიღო

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის კაბინეტის ხელმძღვანელისგან ფრედერიკ ბერნარდისგან საპასუხო წერილი მიიღო, სადაც საუბარია ევროპული საბჭოს მზადყოფნაზე – მიანიჭოს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მას შემდეგ, რაც შესრულდება კომისიის დასკვნაში განსაზღვრული პრიორიტეტები.

ომბუდსმენის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წლის 22 ივნისს შარლ მიშელსადმი გაგზავნილ წერილში საქართველოს სახალხო დამცველმა თხოვნით მიმართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურებს, გაითვალისწინონ ქართველი ხალხის მისწრაფება ევროპული ოჯახისკენ, მისი ბრძოლა და ძალისხმევა ამ პროცესში და მიანიჭონ ჩვენ ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რათა საქართველო არ მოწყდეს იმ საერთო სივრცეს, რომელშიც დღემდე უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად მოიაზრება და ხელიდან არ გავუშვათ ეს უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა.

სახალხო დამცველი წერილის ქართულ თარგმანს ავრცელებს:

„მადლობას მოგახსენებთ 22 ივნისს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისადმი გაგზავნილი წერილისთვის, რომელიც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს შეეხებოდა. 24 ივნისს ევროპულმა საბჭომ მიიღო საბჭოს დასკვნები, რითიც გამოხატა მზადყოფნა საქართველოს მიანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი როგორც კი მოხდება კომისიის მიერ საქართველოს წევრობის განაცხადთან დაკავშირებით გაცემულ დასკვნაში ჩამოთვლილი პრიორიტეტების შესრულება. ნება მიბოძეთ განვმარტო, რომ ევროპის საბჭომ ერთმნიშვნელოვნად აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყნისა და მისი მოქალაქეების მომავალი ევროპაშია.

ევროკავშირი ერთგული რჩება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებისა. ამ მხრივ, პროგრესი პრიორიტეტული რეფორმების განხორციელებისა და კანონის უზენაესობის გაუმჯობესების მიმართულებით პარტიებს შორის თანამშრომლობის გზით უმნიშვნელოვანესი იქნება. ასევე ხაზგასმით აღვნიშნავ თქვენი აპარატის მნიშვნელოვან როლს ამ საქმეში და ვაფასებ თქვენს ფასდაუდებელ საქმიანობას“, – ნათქვამია წერილში.

LB loan image desktop LB loan image mobile