ევროპის საბჭო ავრცელებს განცხადებას, რომელშიც საუბარია ე.წ. გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნაზე.
ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ალან ბერსემ 2024 წლის 20 დეკემბერს საქართველოში ვიზიტის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობისგან მიიღო დაპირება, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და მოხდება იმ ცვლილებების იდენტიფიცირება, რომლებიც უნდა შეიცვალოს კანონში.
დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 3 თებერვალს შედგა სატელეფონო საუბარი ბერსესა და ირაკლი კობახიძეს შორის.
განცხადების მიხედვით, კობახიძემ განაცხადა, რომ „შეცვლილი გარემოებების გამო“ მის ხელისუფლებას აღარ სურდა საერთო სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა ან ცვლილებების შეტანა „უცხოური გამჭვირვალობის“ კანონში.
განცხადებაში ასევე წერია, რომ კობახიძემ „ხელახლა დაადასტურა საქართველოს ერთგულება სახელმწიფოთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის გაგრძელებისადმი”.
ევროპის საბჭოს განცხადებით, ბერსე კობახიძის გადაწყვეტილებას „დიდი მწუხარებით” შეხვდა და „გაიმეორა მისი შეშფოთებები საქართველოში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ, ასევე მისი პოლიტიკური ლანდშაფტის პოლარიზაციის შესახებ„.
„ახლა ამოცანა საქართველოს მთავრობის მიერ კურსის ცვლილების შედეგად შექმნილი ახალი ვითარების გავლენის შეფასება არის. საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი მიმდინარეობს”. – წერია ევროსაბჭოს განცხადებაში.
5 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ ახალ კანონს მიიღებს და ამის შემდეგ ე.წ. გამჭვირვალობის კანონს, რომელზეც ალან ბერსეს ჰქონდა მოლაპარაკება, გააუქმებს.
მამუკა მდინარაძის თქმით, ახალი კანონის იქნება ამერიკული FARA-ს ზუსტი ანალოგი – „რასაც შეეხება ამერიკული კანონი, იგივე იქნება დაკოპირებული და დაინიცირებული”.