facebook-მა საქართველოში „სპუტნიკის“ ქსელი გააუქმა - ISFED-ის დირექტორი

პუბლიკა

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშირისო საზოგადოების“ დირექტორი მიხეილ ბენიძე წერს, რომ facebook-მა საქართველოში „სპუტნიკის“ ქსელი გააუქმა.

„დილა დაიწყო „ფეისბუქთან“ მორიგი ვიდეოქოლით. წუხელ გასაჯაროებულ ინფორმაციასთან ერთად ორი მნიშვნელოვანი ამბავი არის შემდეგი:

დაგვიდასტურეს, რომ „ნიუს-ფრონტის“ ქართულ ანგარიშებთან ერთად „ფეისბუქმა“ ასევე გააუქმა „სპუტნიკის“ ქსელი საქართველოში, რომელზეც 1 თვის წინ ვსაუბრობდით. როგორც ჩანს, ეს ქსელი უკავშირდებოდა მათ მიერ ადრე აღმოჩენილ „სპუტნიკის“ მსგავს ქსელებს სხვა ქვეყნებში (უკრაინა, ბალტიის ქვეყნები..) მაგრამ მაშინ წაშლას გადაურჩა“, – წერს ISFED-ის დირექტორი.

მისი თქმით, ნელ-ნელა კიდევ უფრო გაუმჯობესდება მათი შესაძლებლობა, რომ უფრო სწრაფი რეაგირება ჰქონდეთ და ოპერატიულად გააუქმონ ქსელები, რადგან, რაც მეტ ქართულ ქსელს გამოავლენენ, მით მეტად შეძლებს მათი ალგორითმი და ავტომატიზებული მექანიზმები, რომ ამ გამოცდილებაზე „ისწავლოს“ და დროულად დაიჭირონ ახალი არაავთენტური ოპერაციები.

ბენიძე აცხადებს, რომ  მათ მოითხოვეს პოლიტიკური რეკლამის ბიბლიოთეკის ჩართვა საქართველოში პოლიტიკური რეკლამის გამჭვირვალობისთვის.


რაც შეეხება News-front-ს, ორგანიზაციამ ამ თემაზე 4 მაისს მოკვლევის შედეგებზე ცალკე განცხადებაც გაავრცელა. როგორც ISFED წერს, News-front Georgia წარმოადგენს კრემლისტური საინფორმაციო სააგენტო News-front-ის ქსელის ნაწილს, რომლის ოფიციალურ ვებგვერდზე საკონტაქტო მისამართად მითითებულია ყირიმი, როგორც რუსეთის ფედერაციის ტერიტორია. სააგენტო აერთიანებს გამოცემებს ინგლისურ, ბულგარულ, გერმანულ, ესპანურ, სერბულ, უნგრულ და ქართულ ენებზე. სააგენტო „News-Front” დაარსებულია რუსეთის ფედერაციის მთავრობის კომუნიკაციების მარეგულირებელი სააგენტოს, „როსკომნადზორის“ 2015 წლის 26 ივნისის ბრძანებით.

1 მაისს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ გამოაქვეყნა ანგარიში კრემლისტური სააგენტო „ნიუს-ფრონტის“ მიერ „ფეისბუქის“ ქართულ სივრცეში ორგანიზებული საინფორმაციო ოპერაციების შესახებ. „ნიუს-ფრონტის“ გლობალური ქსელი „ფეისბუქმა“ 30 აპრილს გააუქმა. საქართველოში „ნიუს-ფრონტის“ ოფიციალურ გვერდთან ერთად წაშლილია მისი ფეისბუქ ადმინისტრატორისა და 12 არაავთენტური ანგარიშის პროფილი, რომლებიც სააგენტო „ნიუს-ფრონტის“ საქართველოში რეგისტრაციის მომენტიდან ინფორმაციის ორგანიზებული გავრცელების სქემისთვის და კომენტარების ინსცენირებისთვის გამოიყენებოდა.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ აღმოაჩინა, რომ „ნიუს-ფრონტის“ გავრცელებაში კოორდინირებულად ჩართული ანგარიშები ახლო წარსულში ორგანიზებული საინფორმაციო ოპერაციებისთვის გამოიყენებოდნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საპენსიო სააგენტოსა და კომპანია „ბადაგონის“ სასარგებლოდ.

„ნიუს-ფრონტთან“ დაკავშირებულ არაავთენტურ, კოორდინირებულ ქსელს წარსულში ფეისბუქზე მანიპულაციური საინფორმაციო ოპერაციების ისტორია აქვს. ქსელის კოორდინირებული და არაავთენტური ქცევა ვლინდება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე 12 ერთმანეთთან მჭიდრო კოორდინაციაში მყოფ ცრუ მედიის გვერდზე.

წაიკითხეთ სრულად „ნიუს ფრონტის“ შესახებ