კალაძე ბინას ჩუქნის მამა-შვილს აფრიკის დასახლებიდან

პუბლიკა

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, აფრიკის დასახლებაში მოქალაქეთა სახლების დემონტაჟის დროს გადაღებულ ერთ-ერთ ფოტოზე ასახულ მამა-შვილს, რომელთა ფოტოსაც საზოგადოებაში გამოხმაურება მოჰყვა, ბინას აჩუქებს. თბილისის მერი Facebook-ზე წერს, რომ ეს ფოტო „ტყუილის ტირაჟირებისა“ და „ანტიპიარისთვის“ გამოიყენეს, თუმცა მოგვიანებით თავად გაარკვია, რომ ფოტოზე აღბეჭდილი მოქალაქე 6 შვილს ზრდის და დღევანდელი დღის შედეგი „მისი ოჯახის გაბედნიერება იქნება“.

„ახლა დავბრუნდი მერიიდან და არ შემიძლია დღესვე არ დავწერო, როგორც მერმა უკვე ვისაუბრე დღევანდელ მოვლენებზე, უბრალოდ ჩემი პირადი პოზიცია უნდა დავწერო-მედიაში რომ დაიწყეს მამა-შვილის ფოტოს გავრცელება როგორც მსხვერპლის, გული მომიკვდა, ტყუილის ტირაჟირებისთვის ბავშვი რატომ-თქო? ისიც კი გავიფიქრე, სახე მაინც დაეფარათ, იქნებ არ უნდა ოჯახს ბიჭუნას ასე გამოჩენა-თქო….

მეგონა მაგ ზღვარს არასდროს უნდა ჩავცდეთ, რომ ანტიპიარისთვის ბავშვები გამოვიყენოთ. მოგვიანებით, როცა გაირკვა, რომ ბავშვი და მამამისი იქვე ცხოვრობენ, ჩემი და ჩემი შვილების ფოტოები მიაშენეს მათ ფოტოს. ვერც ვბრაზდები, მგონი არც მიკვირს.

ასეთ ადამიანებს რა გითხრათ სხვა? – ეგეთი ქცევა თქვენი არჩევანია.მთავარი ამჯერად ჩემთვის ისაა, რომ როცა შემიძლია დავეხმარო, ვეხმარები, ასე გამზარდეს ასე ვზრდი ჩემს შვილებს. გმირობაა მარტო კაცი ზრდის 6 შვილს. გმირი მამაა და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მხარში ამოვუდგე მას.

გავარკვიე საღამოსვე რა პირობებში ცხოვრობს და ჩემი პირადი საჩუქარი, ჩემი ოჯახის სახელით, იქნება ბინა ამ ოჯახისთვის. ამდენი სიძულვილის, ცილისწამების და ტყუილის ფონზე ამ ოჯახის გაბედნიერებაა ჩემთვის დღევანდელი დღის შედეგი“, – წერს კალაძე Facebook-ზე.

ახლა დავბრუნდი მერიიდან და არ შემიძლია დღესვე არ დავწერო, როგორც მერმა უკვე ვისაუბრე დღევანდელ მოვლენებზე, …

Posted by Kakha Kaladze on Tuesday, December 15, 2020


აფრიკის დასახლებაში, სანაძის ქუჩაზე, ვითარება დღეს დილიდან მას შემდეგ დაიძაბა, რაც თბილისის მერიამ პოლიციის თანხლებით სახლების დემონტაჟი დაიწყო. ადგილობრივებმა სახლების დემონტაჟი გააპროტესტეს, რასაც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

მუნიციპალური ინსპექციის თქმით, მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული და მუნიციპალურმა ინსპექციამ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, მათი დემონტაჟის პროცესი კანონის შესაბამისად დაიწყო.

დემონტაჟის პარალელურად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, სამართალამცველებმა ათზე მეტი მოქალაქე დააკავეს. როგორც „პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, მოქალაქეები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით არიან დაკავებულები. თუმცა, სახალხო დამცველის მოადგილის გიორგი ბურჯანაძის თქმით, ერთ-ერთი მოქალაქე სისხლის სამართლის წესით დააკავეს.

ასევე, სანაძის ქუჩაზე განვითარებული მოვლენების დროს სასწრაფო დახმარების ბრიგადამ 2 ადამიანს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწია, ხოლო ერთ-ერთი მოქალაქე, ორსული, რომელიც შეხლა-შემოხლის დროს შეუძლოდ გახდა, კლინიკაში გადაიყვანეს.

„ორსული კლინიკა „ღია გულში“ გადაიყვანეს. კიდევ ორ მოქალაქეს აღენიშნებოდა ნევროტულობა და მათ ადგილზე გაეწიათ დახმარება, – განუცხადეს „პუბლიკას“ 112-ის პრესსამსახურში.