ორგანიზაცია „ოჯახები დიკრიმინაციის წინაღმდეგ“ (FAD) საკრებულოს განცხადებით მიმართავს და მოითხოვს 2024 წლის 24 ოქტომბრის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას.
ორგანიზაციის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების თანახმად, პარკირების სპეციალური შეღავათებით სარგებლობის ძირითადი კრიტერიუმი უნდა იყოს არა ადამიანის მშრალი სამედიცინო სტატუსი, არამედ მისი ინდივიდუალური ფუნქციური საჭიროება და ტრანსპორტირებისას დახმარების განსაკუთრებული აუცილებლობა.
ორგანიზაცია მოითხოვს ეფექტური, სწრაფი და პრაქტიკული აღსრულების მიზნით, შევიდეს ცვლილება შესაბამის დადგენილებაში და:
„1) სპეციალური საცნობი ნიშნის გამცემ დოკუმენტთა ნუსხას, ფორმა №IV-50/4-თან ერთად, დაემატოს სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა №100 (პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა).
2) ფორმა №100-ის საფუძველზე პარკირების საცნობი ნიშანი გაიცეს იმ შემთხვევაში, თუ მკურნალი ექიმის (ფსიქიატრის, ნევროლოგის) მიერ დოკუმენტში პირდაპირ არის აღწერილი და დასაბუთებული პირის ქცევითი, ფსიქიკური ან ინტელექტუალური სირთულეები, რაც ტრანსპორტირებისა და ფეხით გადაადგილების დროს საჭიროებს განსაკუთრებულ ხელშეწყობას და ავტომობილის დანიშნულების ადგილთან მაქსიმალურად ახლოს პარკირებას“, – ვკითხულობთ წერილში.
ორგანიზაციის წერლში აღნიშნულია, რომ „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ“ წარმოადგენს იმ მშობლების ინტერესებს, რომელთა შვილებსაც აქვთ აუტიზმი, ფსიქიკური თუ ინტელექტუალური განვითარების დარღვევები:
„ამ პირთა შემთხვევაში, გადაადგილების დამოუკიდებლობის შეზღუდვა ვლინდება მძიმე ქცევით სირთულეებში, სენსორულ გადატვირთვაში, შფოთვასა და იმპულსების კონტროლის შეუძლებლობაში. აღნიშნული ფაქტორები ღია სივრცეში ფეხით გადაადგილების ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის დროს ქმნის უსაფრთხოების კრიტიკულ რისკებს როგორც თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, ისე მისი თანმხლები მშობლისა და კანონიერი წარმომადგენლისთვის. არსებული ბიუროკრატიული პრაქტიკა კი, რომელიც სრულწლოვანების მიღწევისთანავე ამ პირებს ავტომატურად ართმევს საპარკინგე ნიშანს, არის დისკრიმინაციული და ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ სტანდარტებს.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ არსებულ პრაქტიკაში სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის კომისიები და ექიმ-ფსიქიატრები უარს აცხადებენ სტანდარტულ ფორმა №IV-50/4-ში ფსიქიკური და ინტელექტუალური დარღვევების მქონე პირებს განუსაზღვრონ „გადაადგილების უნარის შეზღუდვა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ორგანიზაციით ცნობით, საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებით (№1545 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ“), არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ქ. თბილისის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-99 დადგენილებით დამტკიცებული პარკირების წესის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპეციალური საცნობი ნიშნის გაცემას მხოლოდ ფორმალურ სამედიცინო სტატუსს (მკვეთრად გამოხატულს) ან ქვედა კიდურის ამპუტაციას უკავშირებდა.