„ფაიზერის“ Covid-19-ის სამკურნალო წამალი 89%-ით ეფექტიანია – შუალედური მონაცემები

პუბლიკა

BBC-ის ცნობით, კლინიკური ცდების მიხედვით, „ფაიზერის“ მიერ წარმოებული კოვიდის სამკურნალო ექსპერმინეტული მედიკამენტი ზრდასრულებში ჰოსპიტალიზებისა და გარდაცვალების რისკს 89%-ით ამცირებს.

წამალი სახელწოდებით, „პაქსლოვიდი“ განკუთვნილია რისკჯგუფში მყოფი ადამიანებისთვის, სიმპტომების გამოვლენიდან მალევე.

დიდმა ბრიტანეთმა უკვე შეუკვეთა 250 ათასი სამკურნალო კურსისთვის საჭირო ოდენობის მედიკამენტი. BBC-ის ცნობით, პაციენტმა 5 დღის განმავლობაში „ფაიზერის“ 3-3 აბი დღეში ორჯერ უნდა მიიღოს.

გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციის მისაღებად „ფაიზერი“ გეგმავს, რომ შუალედური კვლევის შედეგებს აშშ-ის წამლის მარეგულირებელს წარუდგენს.

ცდებში 1 219 მაღალი რისკის პაციენტი მონაწილეობდა. იმ პაციენტებიდან, რომლებსაც „პაქსლოვიდით“ მკურნალობდნენ, მხოლოდ 0,8%-ს დასჭირდა ჰოსპიტალიზება, ხოლო, ვინც პლაცებოს იღებდა, ჰოსპიტალიზებული იყო 7%. ცდებში მონაწილე 7 ადამიანი კორონავირუსით გარდაიცვალა. მათგან ყველა პლაცებოს იღებდა. გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ ყოფილა წამლით მკურნალობის შემთხვევაში.


გუშინ, 4 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის წამლის მარეგულირებელმა კორონავირუსის სამკურნალოდ პირველი მედიკამენტი დაამტკიცა.

ტაბლეტ „მოლნუპირავირს“ დღეში ორჯერ მიიღებენ ახლად ინფიცირებული, მოწყვლადი პაციენტები. დიდმა ბრიტანეთმა „მოლნუპირავირის“ 480 ათასი სამკურნალო კურსისთვის საჭირო ოდენობის პრეპარატი შეიძინა.