ფალავანდიშვილი: პოლიცია თუ ხელს შეგვიშლის, ჩვენ პოლიციას შევუშლით ხელს

პუბლიკა

„ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის“ ხელმძღვანელი გურამ ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ ის და მისი მომხრეები კინოთეატრებში ფილმის  „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის გამართვას არ დაუშვებენ. ამის შესახებ ფალავანდიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ფალავანდიშვილის თქმით, ეცდებიან, დაიკავონ კინოდარბაზები ან მოაწყონ პიკეტები კინოთეატრების შენობებთან.

„ჩვენ ვგეგმავთ შეკრებას 8-ში, საღამოს 5 საათიდან კინო „ამირანთან“, 19:30-ზეა ჩვენება. ვეცდებით დავიკავოთ დარბაზი, ან მოვახდინოთ პიკეტირება. ვიცით, რომ ჩვენება ეწყობა თავისუფლების მოედანზე, ცენტრში, ასევე – „ისთ ფოინთში“. გვეყოფა ძალები, ყველგან გავგზავნოთ ჩვენი ხალხი. ასევე იქნება ბათუმშიც.

პოლიცია თუ მათ დაიცავს, ესე იგი, ის დაიცავს ჩვენი შვილების გარყვნას. პოლიცია ხდება კანონდამრღვევი. პოლიცია თუ ხელს შეგვიშლის, ჩვენ პოლიციას შევუშლით ხელს. მაგრამ, იმედი გვაქვს, ჩვენი პოლიცია ქართველ ხალხს არ დაარბევს“- განაცხადა ფალავანდიშვილმა.

ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ” მოცეკვავე გეიწყვილის შესახებაა. მისი რეჟისორია ქართული წარმომავლობის შვედი რეჟისორი ლევან აკინი. თბილისის კინოთეატრებში ფილმის ბილეთების 99,6% პრემიერამდე 5 დღით ადრე გაიყიდა. ფილმის წინააღმდეგ პროტესტს გეგმავს „ქართული მარშიც”. მათი ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ არ დაუშვებენ ფილმის საქართველოს კინოთეატრებში პრეზენტაციას.