ფანჩატურში ელექტრომოწყობილობა უკანონოდ, კუსტარულად იყო დამონტაჟებული - ვაკის გამგეობა

პუბლიკა

წყნეთში 15 წლის ბიჭის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ვაკის რაიონის გამგეობა განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, ფანჩატურში, სადაც შემთხვევა მოხდა, კუსტარულად იყო დამონტაჟებული ელექტრომოწყობილობა.

გამგეობა უარყოფს ზოგიერთი მედიასაშუალებების მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ „მოზარდის გარდაცვალება სკვერში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უკავშირდება”.

„ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ ფანჩატურში, სადაც მოხდა უბედური შემთხვევა, უკანონოდ, კუსტარულად იყო დამონტაჟებული ელექტრომოწყობილობა. მოზარდის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს. ასევე, დადგინდება ის პირები, რომელთაც უკანონოდ აწარმოეს ეს სამუშაო.

რაც შეეხება კონკრეტულ მედიასაშუალებებში გასულ ინფორმაციას, თითქოს მოზარდის გარდაცვალება სკვერში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უკავშირდება, ეს არის სრული სიცრუე და თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციის მცდელობა. სკვერის გამწვანების სამუშაოები საწყის ეტაპზეა და ამ დრომდე არანაირი შეხება არ ჰქონია ზემოხსენებულ ფანჩატურთან”, – ნათქვამია გამგეობის განცხადებაში.

წყნეთში 15 წლის ბიჭი, სავარაუდოდ, დენის დარტყმის შედეგად გუშინ გარდაიცვალა.  შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო,  რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.