ფაქტობრივი შეცდომები ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებულ მთავრობის განცხადებაში

პუბლიკა

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ფაქტობრივი შეცდომებია დაშვებული.

„1921 წლის 17 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ საქართველოს ანექსია განახორციელა. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა”. – ვკითხულობთ განცხადებაში.

საქართველოს ოკუპაციის დღე არა 17, არამედ 25 თებერვალია. ამასთან დაიღუპა იუნკერთა არა დიდი ნაწილი, არამედ 9 – 183-დან. მთავრობას არ უხსენებია არც ის, რომ ქვეყანა კიდევ ერთ თვეს იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის, ასევე, არც ის, რომ ქვეყნის დასაცავად იუნკრების გარდა იბრძოდნენ არმია, გვარდია, მოხალისეები…

მთავრობის განცხადებას ფეისბუქის გვერდზე ისტორიკოსი ბექა კობახიძე გამოეხმაურა:

ოკუპაციის 100 წლისთავის აღსანიშნად არაფერი გაკეთდა (გარდა დემოკრატიის განადგურების მცდელობისა და კონსტიტუციის 100 წლისთავზე ირაკლი კობახიძის დაჯილდოებისა).

17 თებერვალს განხორციელდა ანექსიაო, როცა 25 თებერვალია ოკუპაციის დღე და ამის შემდეგ ქვეყანა კიდევ ერთ თვეს იბრძოდა.

იუნკერთა დიდი ნაწილი დაიღუპაო, როცა რეალობა ასეთია: 183 იუნკერიდან დაიღუპა მხოლოდ 9. დიახ, ცხრა.

იუნკერები ქართული ჯარის დაახლოებით 1%-ს შეადგენდნენ. დიახ, ერთს. არმია, გვარდია, მოხალისეები და ის დანარჩენი 99% საერთოდ არ იხსენიებიან.

ამას პოსტის დამწერი საჯარო მოხელის უცოდინრობას ნუ დააბრალებთ, თქვენ ეს დღე რამედ რომ გიღირდეთ და ფეხებზე არ გეკიდოთ, პირადად პრემიერი უნდა აკეთებდეს ყველაზე შეწონილ, კომპეტენტურ და კარგად ნაფიქრ განცხადებას.

ძალიან შეურაცხმყოფელია, როცა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა ასე ხვდება ოკუპაციის 100 წლისთავს”.

– წერს ისტორიკოსი.