ფარცხალაძეს ქართულმა ბანკებმა აქტივებზე წვდომა და ფინანსური გადარიცხვები შეუჩერეს - სებ

პუბლიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს აქტივებზე წვდომა და ფინანსური გადარიცხვები შეუჩერეს.

ინფორმაცია „პუბლიკას“ ბანკის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

„როგორც ცნობილია, 2022 წლის 26 თებერვლიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებით საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად. სანქციათა მოთხოვნების შესრულების და შესაბამისი კონტროლის მექანიზმების დანერგვისას ერთიანი მიდგომების განსაზღვრის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს №208/04 ბრძანებით დამტკიცდა „საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი”.

ზემოაღნიშნული მითითებისა და წესის შესაბამისად, საქართველოს ფინანსურ სექტორს დაევალა მათ შორის, გაითვალისწინოს აშშ-ს ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის მიერ (OFAC) სანქცია დაკისრებულ პირთა სიაში (SDN list) შეყვანილი პირების მიმართ დადგენილი მოთხოვნების აღსრულება, რაც გულისხმობს სანქცირებული პირების მიერ აქტივებზე წვდომისა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულების შეზღუდვას. სანქცირებულ პირს ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა.

შეგახსენებთ, რომ ქართული საფინანსო სექტორი მოქმედებს სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით. ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობის მიზნით, ეროვნულ ბანკში შექმნილია სპეციალური განყოფილება, რომელიც ზედამხედველობას / მონიტორინგს უწევს აღნიშნულ პროცესს. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები დადებითად აფასებენ ეროვნული ბანკის ნაბიჯებს ამ მიმართულებით”- აცხადებენ ეროვნულ ბანკში.


2023 წლის 14 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო აქტივების კონტროლის სახაზინო სამსახურის (OFAC) დეპარტამენტმა რუსეთთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა. მათ შორის არის საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე.

ოთარ ფარცხალაძის სანქცირებაზე საუბარია გამოქვეყნებული დოკუმენტის ქვეთავში „რუსეთის საზიანო გავლენა საქართველოში“.

აშშ-მა მიუთითა, რომ ოთარ ფარცხალაძე ქართველ-რუსი ოლიგარქია. OFAC-ის განცხადებით, FSB-ის ოფიცერმა, ალექსანდრ ონიშენკომ და თავად FSB-მ „გამოიყენეს ფარცხალაძე, რათა გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე, რუსეთის საკეთილდღეოდ. სავარაუდოდ, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა თავისი კავშირით FSB-სთან“.