ფაშინიანის თქმით,რუსეთსა და სომხეთში „გარკვეული წრეები“ სომხეთის დამოუკიდებლობის „განადგურებას“ ცდილობენ

პუბლიკა

ავტორი: არშალუის ბარსეღიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთსა და სომხეთში მოქმედი „გარკვეული წრეები“ ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობაში დაადანაშაულა. მისი მტკიცებით, ამ ჯგუფების საბოლოო მიზანი სომხეთის ფაქტობრივი დამოუკიდებლობის „განადგურებაა“.

ფაშინიანმა ეს განცხადება 22 ოქტომბერს გააკეთა. მისი თქმით, ბოლო თვეებში სომხურ პროდუქციაზე რუსეთის მიერ დაწესებულმა შეზღუდვებმა ვერ გამოიწვია ის ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგები, რომელთა მიღწევასაც ეს ჯგუფები ცდილობდნენ.

რუსეთმა სომხურ პროდუქციაზე შეზღუდვების დაწესება აპრილში დაიწყო – ივნისში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე. წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ზომები გამკაცრდა, რის გამოც ბევრმა ეს მოსკოვის მხრიდან არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მცდელობად შეაფასა.

„სომხეთში და მის ფარგლებს გარეთ არსებობენ წრეები, რომლებიც ცდილობდნენ და მომავალშიც შეეცდებიან, შექმნილი ვითარება გამოიყენონ არა მხოლოდ სომხეთში არასტაბილურობის გასაღვივებლად, არამედ ამის უკან ძალიან კონკრეტული მიზანიც დგას – სომხეთის ფაქტობრივი დამოუკიდებლობის განადგურება“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მან ეს სავარაუდო მცდელობა ბოლო სამი წლის განმავლობაში სომხეთში შიდა არასტაბილურობის პროვოცირების მესამე ტალღად შეაფასა.

მისი თქმით, პირველი მცდელობა 2023 წლის სექტემბერში იყო, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღზე კონტროლის დასამყარებლად საბოლოო სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ამის შედეგად, ერთ კვირაში 100 000-ზე მეტი ეთნიკური სომეხი იძულებული გახდა, სომხეთში წასულიყო.

მანქანების საცობი ლაჩინის დერეფანში — მთიანი ყარაბაღის სომხური მოსახლეობა სომხეთში მიდის. 2023 წლის სექტემბერი. ფოტო: მარუტ ვანიანი/OC Media.
მანქანების საცობი ლაჩინის დერეფანში — მთიანი ყარაბაღის სომხური მოსახლეობა სომხეთში მიდის. 2023 წლის სექტემბერი. ფოტო: მარუტ ვანიანი/OC Media.

„მიზანი იყო, ხალხის ნაკადი სომხეთისკენ მიემართათ, მაშინ, როცა პარალელურად პოლიტიკური ხელისუფლების შეცვლისკენ მოწოდებები ისმოდა“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მოგვიანებით, შეკითხვაზე, თუ რატომ არ დაასახელა პირდაპირ ის პირები, რომლებიც სომხეთის დესტაბილიზაციას ცდილობენ, იმის გათვალისწინებით, რომ მისი ბრალდებები რუსეთისკენ იყო მიმართული, ფაშინიანმა თქვა, რომ მან ცალსახად მიუთითა რუსეთის გარკვეულ წრეებზე.

„მე ძალიან კონკრეტულად ვთქვი, რომ რუსეთში გარკვეული წრეები მოქმედებენ – დიახ, ეს თქვენთვის სიახლეა? განა ეს არ მითქვამს? მე ვთქვი, რომ რუსეთში გარკვეული წრეები არსებობენ და ახლაც სწორედ მათზე მივუთითე. ვინ წერდა Facebook-ზე 2023 წელს და მოუწოდებდა სომხეთის ხალხს, ქუჩაში გამოსულიყვნენ და ანტიეროვნული მთავრობა ჩამოეშორებინათ? ვინ აკეთებდა ამას?“, – განაცხადა ფაშინიანმა.

კრიზისის დროს კრემლის მომხრე პირები და პროპაგანდისტები სომხებს ერევნის ქუჩებში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებში მონაწილეობისკენ მოუწოდებდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, მთიანი ყარაბაღის სომხების „გენოციდის“ „მონაწილეები“ გახდებოდნენ.

ფაშინიანმა მეორე მცდელობად ივნისის საპარლამენტო არჩევნები დაასახელა, თუმცა დამატებითი განმარტებები არ გაუკეთებია. მისი თქმით, ამჟამად მესამე მცდელობა იგეგმება, ამჯერად რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვების ფონზე.

„აქ ეკონომიკურ ფაქტორთან არ გვაქვს საქმე – საქმე პოლიტიკურ ფაქტორს ეხება. მიზანია სომხეთში შიდა პოლიტიკური არასტაბილურობის გამოწვევა და, ფაქტობრივად, შემდგომ კი იურიდიულადაც, სომხეთისთვის დამოუკიდებლობის წართმევა“, – განაცხადა ფაშინიანმა. ამასთან, მან გამოთქვა რწმენა, რომ სომხეთის სახელმწიფო „საკმარისად მდგრადია და ამ ვითარებასაც გადალახავს“.

„ჩვენი ისტორიიდან 2020, 2021 თუ 2023 წელი ვერ წაიშლება“

იმავე ბრიფინგზე ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობაზე ისაუბრა. მას ჰკითხეს თურქმენეთში გამართული დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) სამიტის ფარგლებში მათ შორის ბოლო შეხვედრის შესახებ. სამიტზე პუტინმა, მიუხედავად ორმხრივი ურთიერთობების დაძაბულობისა, ფაშინიანს მხარზე ხელი დაჰკრა და მასთან არაფორმალური საუბარი გამართა.

„პირადი ურთიერთობები ყოველთვის დადებითი იყო და ასეთად დარჩება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ წაიშლება ისტორია 2020, 2021 ან 2023 წლებში მომხდარის შესახებ. ეს არ ნიშნავს ამას. ეს არ ნიშნავს იმასაც, რომ ჩვენი ისტორიიდან გაქრება ის ფაქტი, რომ ვერ მივიღეთ ის შეიარაღება, რომელშიც ფული გადავიხადეთ. ეს ასევე არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ისტორიიდან წაიშლება ის, რაც 2022 წლის სექტემბერში მოხდა“, – თქვა ფაშინიანმა. ამით მან მიუთითა მოვლენათა სერიაზე, რამაც დაძაბა სომხეთის ურთიერთობები რუსეთთან და „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასთან“ [ОДКБ/კუხო].

2020 წელს, მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დროს, აზერბაიჯანი იყენებდა რუსეთისა და ბელარუსის მიერ მიწოდებულ შეიარაღებას. ორივე ქვეყანა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრია. აზერბაიჯანი ასევე იყენებდა სხვა ქვეყნების მიერ მიწოდებულ იარაღს.

2021 და 2022 წლებში აზერბაიჯანმა სომხეთის ტერიტორიაზე დამატებითი თავდასხმები განახორციელა, რის გამოც ერევანმა ОДКБ-ს (კუხო) დახმარებისთვის მიმართა. თუმცა, როგორც ფაშინიანმა გასულ კვირას კიდევ ერთხელ აღნიშნა, ორგანიზაციამ „ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები“.

2023 წლის სექტემბერში კი აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღზე კონტროლი დაამყარა, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ძალები იმყოფებოდნენ, რომლებიც 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების საფუძველზე იყვნენ განლაგებული.

სომხეთმა ასევე გადაუხადა რუსეთს შეიარაღებისთვის 2021 წელს გაფორმებული კონტრაქტების ფარგლებში, თუმცა შეთანხმებული მიწოდების მხოლოდ მცირე ნაწილი მიიღო. დარჩენილი თანხა მოგვიანებით სომხეთის მიერ რუსეთისადმი არსებული სახელმწიფო ვალს გამოაკლდა.

„ფაქტია, რომ როდესაც იარაღის, გაზისა და გარგარის მხრივ ერთ ქვეყანაზე ვართ დამოკიდებული, ეს ჩვენი სახელმწიფოსთვის საფრთხეს ქმნის და ამ საფრთხის მართვა თავადვე უნდა შევძლოთ“, – დაასკვნა ფაშინიანმა. ამ სიტყვებით მან მიუთითა იმაზე, რომ სომხეთი დამოკიდებულია რუსეთის ბაზარსა და მისი მხრიდან რესურსების მიწოდებაზე. 

სარედაქციო შენიშვნა: ტექსტის წაკითხვის გასამარტივებლად, აფხაზეთის, მთიანი ყარაბაღისა და სამხრეთ ოსეთის ინსტიტუტებსა თუ პოლიტიკურ სტატუსზე OC Media-ს ავტორები არ იყენებენ ისეთ განმარტებით ტერმინებს, როგორებიცაა „დე ფაქტო“, „არაღიარებული“ ან „ნაწილობრივ აღიარებული“. ეს არ გულისხმობს რომელიმე პოზიციის გამოხატვას აღნიშნული ტერიტორიების სტატუსთან დაკავშირებით.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.