სომხეთი აცხადებს, რომ ევრაზიული კავშირი აზვიადებს სომხეთის გასვლის შესაძლო შედეგებს

პუბლიკა

ავტორი: ანი ღუნილიანი

სომხეთის ეკონომიკის მინისტრი გევორგ პაპოიანი აცხადებს, რომ ევრაზიული მთავრობათაშორისი საბჭოს ბოლო ანგარიში აზვიადებს იმ ეკონომიკურ შედეგებს, რომლებიც სომხეთისთვის ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან (EAEU) გასვლას შეიძლება მოჰყვეს. საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმაც განაცხადა, რომ დოკუმენტის სრულად გაცნობა მათ ჯერ ვერ მოასწრეს.

ეს დაპირისპირება სომხეთის რუსეთისგან თანდათანობით დაშორებისა და დასავლეთისკენ სვლის უახლესი ეპიზოდია. სომხეთმა ღიად განაცხადა, რომ საბოლოოდ ევროკავშირში გაწევრება სურს, თუმცა რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში მისი წევრობა კვლავ სადავო საკითხია.

20 ოქტომბერს ევრაზიული მთავრობათაშორისი საბჭოს ოთხმა წევრმა: რუსეთმა, ბელარუსმა, ყაზახეთმა და ყირგიზეთმა გამოაქვეყნა დაახლოებით 70-გვერდიანი ანგარიში, რომელიც სომხეთის ევროკავშირში გაწევრებასა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გასვლის შედეგებს ეხება. ანგარიშის თანახმად, თუ ევრაზიულ კავშირს დატოვებს, სომხეთი დიდ ეკონომიკურ ზარალს განიცდის, თუმცა სხვა წევრ სახელმწიფოებზე თითქმის უმნიშვნელო გავლენა ექნება.

პაპოიანმა გამოცემა News.am-თან განაცხადა, რომ ანგარიშში მოყვანილი მაჩვენებლები 50%-ით არის გაზვიადებული და სომხურმა მხარემ ზუსტი მონაცემები მანამდეც წარადგინა. მისივე თქმით, ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა მნიშვნელოვანი არ იქნება და მისი მასშტაბი -0,61%-ით შეაფასა.

22 ოქტომბერს გამართულ პრესბრიფინგზე ფაშინიანმა განაცხადა, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრ სახელმწიფოებს არ შეუძლიათ სხვა წევრის გარიცხვა.

„საინტერესოა, რატომ არ გვრიცხავენ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან [ОДКБ/კუხო], რაც შეეხება ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს, ჩვენს ისტორიაში პირველად ხდება, რომ მეტროპოლია თავისკენ კი არ გვიზიდავს, არამედ ირიბად გვეუბნება: „ჩვენგან გაგრიცხავთ“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ანგარიშში ციტირებულია ფაშინიანის გასული წლის განცხადებები ევროკავშირში გაწევრების შესახებ. დოკუმენტის მტკიცებით, მიუხედავად ზეწოლისა, სომხეთი არ გეგმავს, ჩაატაროს რეფერენდუმი, რათა გადაწყდეს, სომხეთი ევრაზიულ კავშირში დარჩება თუ ევროკავშირს შეუერთდება. ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით პაპოიანმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთს თავისი პოზიცია უკვე მკაფიოდ აქვს დაფიქსირებული.

ივლისში, რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ, ჩატარდეს რეფერენდუმი, ფაშინიანმა განაცხადა, რომ რეფერენდუმის ჩატარება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც სომხეთი ევროკავშირში გაწევრების შესახებ ოფიციალურ განაცხადს წარადგენს და ამ საკითხს კონკრეტულ შინაარსს შესძენს.

პაპოიანმა ასევე განაცხადა, რომ გაზის ფასის ცვლილების შემთხვევაში სომხეთის ეკონომიკაზე გავლენა 5–7% ან მეტი იქნება, თუმცა ეს არ იქნება დამანგრეველი. ამის საპირისპიროდ, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ანგარიშში ნათქვამია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგები შესაძლოა ენერგეტიკის სფეროში გამოვლინდეს, გაზის მიწოდების პირობების ცვლილებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით გათვალისწინებული შეღავათების დაკარგვის გამო.

ეკონომიკური ზარალის შესახებ პროგნოზის საპასუხოდ ფაშინიანმა განაცხადა: „ვნახავთ“.

მირზოიანმა 21 ოქტომბერს გამართულ პრესბრიფინგზე თქვა, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ანგარიში საკმაოდ ვრცელია და სომხური მხარე მის გაცნობას მხოლოდ ახლა იწყებს, რათა პასუხი ჩამოაყალიბოს.

„ჩვენთვის ცნობილი არ არის რაიმე სამართლებრივი მექანიზმი, რომლის საფუძველზეც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების გარკვეულ რაოდენობას შეეძლება რომელიმე სხვა ქვეყნის გარიცხვა ან მისი წევრობის შეჩერება. თუმცა, საკითხს შევისწავლით და პასუხს გავცემთ. მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა, რუსეთის ფედერაციასა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სხვა ქვეყნებთან ტრადიციული სავაჭრო ურთიერთობები, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი სომხეთის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობაა“, – განაცხადა მან.

მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშში სომხეთის წევრობის შეჩერების შესაძლებლობას მხარს უჭერენ, მასში ასევე აღიარებულია, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ხელშეკრულება წევრებს ერთმანეთის წევრობის შეჩერების მექანიზმს არ აძლევს. თუმცა, დოკუმენტში ამის ორი შესაძლო სამართლებრივი გზა არის მითითებული.

პირველი ხელშეკრულების მე-3 მუხლია, რომელიც წევრებს ავალდებულებს, არ მიიღონ ისეთი ზომები, რომლებმაც შეიძლება, კავშირის მიზნებს საფრთხე შეუქმნას. მეორეა 1969 წლის ვენის კონვენცია საერთაშორისო ხელშეკრულებების სამართლის შესახებ, რომლის თანახმადაც, სხვა მხარეებს შეუძლიათ ერთობლივად შეაჩერონ ხელშეკრულების მოქმედება იმ სახელმწიფოსთან მიმართებით, რომელმაც იგი არსებითად დაარღვია.

პაპოიანის ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრომ, ცენტრალურმა ბანკმა და ფინანსთა სამინისტრომ შექმნეს სამუშაო ჯგუფი, რომელიც სომხეთის ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან შესაძლო გასვლის შედეგებს შეაფასებს. მისი თქმით, სომხეთმა მიმართა ევრაზიულ ეკონომიკურ კომისიას, რომლის სხდომაც 3 ნოემბერს გაიმართება.

რა წერია ანგარიშში

ანგარიშის თანახმად, 2025 წელს სომხეთის ვაჭრობის მოცულობამ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნებთან თითქმის 8 მილიარდი დოლარი შეადგინა: ექსპორტი 3,2 მილიარდი დოლარი იყო, ხოლო იმპორტი – 4,8 მილიარდი დოლარი.

ეს მაჩვენებელი სომხეთის მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 37,8%-ს შეადგენს. 2025 წელს სომხეთთან ვაჭრობის წილი რუსეთის მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 0,91% იყო, ბელარუსისაში – 0,28%, ყაზახეთისაში – 0,05%, ხოლო ყირგიზეთისაში – 0,02%.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ვაჭრობისა და მომსახურების სფეროში შემცირების 97-99% რუსეთზე მოვიდოდა, ხოლო დაკარგული სავაჭრო მოცულობების გადანაწილება ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შიდა ბაზარზე იქნებოდა შესაძლებელი.

ოთხივე სახელმწიფოსთვის ექსპორტისა და იმპორტის პირდაპირი შემცირების სავარაუდო მაჩვენებელი 1%-ზე ნაკლებია. ყველაზე დიდი კლება რუსეთს ექნება: ექსპორტში – 0,55%, ხოლო იმპორტში – 0,65%.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2025 წელს, როდესაც სომხეთის პარლამენტმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონი მიიღო, მთავრობამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს ეწინააღმდეგებოდა.

სექტემბერში ევროკავშირის საბჭომ სომხური პროდუქციისთვის ვაჭრობის ლიბერალიზაციის დროებითი ზომები მიიღო, რომლებიც ევროკავშირში სომხეთის ექსპორტის დაახლოებით 80%-ს მოიცავს. ეს ზომები იმ ფონზე ამოქმედდა, როდესაც რუსეთი სომხური ექსპორტის მიმართ შეზღუდვებს კვლავ აწესებს.

ოთხი სახელმწიფო აცხადებს, რომ სომხეთის ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გასვლა მათ „არ აინტერესებთ“. ამასთან, წევრობის შეჩერების შესაძლებლობას ისინი სომეხი ხალხის მიერ საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლების პატივისცემად წარმოაჩენენ.

ანგარიშში ციტირებულია ფაშინიანის გასული წლის განცხადებები ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. დოკუმენტის მტკიცებით, მიუხედავად ზეწოლისა, სომხეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გასვლისა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას არ გეგმავს.

„ის ფაქტი, რომ სომხეთმა ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაწყების შესახებ კანონი მიიღო, არ ნიშნავს, რომ სომხეთს ამჟამად ევროკავშირის წევრობისთვის მზადყოფნა აქვს“, – განაცხადა ფაშინიანმა აგვისტოში.

ამის საფუძველზე ანგარიში ასკვნის, რომ სომხეთი ევროკავშირთან მოლაპარაკებების მიმდინარეობისას ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრობით მიღებული სარგებლის შენარჩუნებას ცდილობს, რაც კავშირში მისი სტატუსის შესახებ კითხვებს აჩენს.

ანგარიშის თანახმად, ერთდროულად ორივე კავშირის წევრობა სამართლებრივადაც და პრაქტიკულადაც შეუძლებელია, რადგან ევროკავშირსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს საკუთარი ზესახელმწიფოებრივი წესები აქვთ.

მაგალითად, ქვეყანა ერთდროულად ორ საბაჟო კავშირში ვერ გაწევრიანდება, რადგან შეუძლებელია ერთდროულად სამივე პრინციპის შესრულება:

  • ერთიანი საბაჟო ტერიტორია;
  • საქონლის თავისუფალი გადაადგილება დეკლარაციების ან საბაჟო გადასახადების გარეშე;
  • საერთო საგარეო საბაჟო ტარიფი და სავაჭრო ზომები.

შემდეგ ანგარიშში ჩამოთვლილია თითოეული კავშირის შეთანხმებები სხვა ქვეყნებთან, რომელთაგან ბევრი ერთმანეთს ეწინააღმდეგება.

ასევე აღნიშნულია პროდუქციის მიმართ მოთხოვნებს შორის არსებული განსხვავებები – მაგალითად, ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში უფრო მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს ანტიბიოტიკების, რაქტოპამინის, ნიტრატების, გარკვეული პესტიციდებისა და გენმოდიფიცირებული ორგანიზმების (GMO) მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშში სომხეთის წევრობის შეჩერების მზადყოფნაა გამოხატული, დოკუმენტი აღიარებს, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ხელშეკრულება წევრებს ერთმანეთის წევრობის შეჩერების უფლებას არ აძლევს.

ივნისში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიზაილ გალუზინს ჰკითხეს, როგორ შეიძლება ასეთ ვითარებაში წევრობის შეწყვეტა. მან უპასუხა, რომ ექსპერტები საკითხის როგორც ეკონომიკურ, ისე სამართლებრივ ასპექტებს შეისწავლიდნენ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ერთადერთი გამოსავალი ნებაყოფლობითი გასვლაა – პროცესი, რომელიც სომხეთს ჯერ არ დაუწყია.

თუმცა, ანგარიშში ორი შესაძლო სამართლებრივი გზა არის მითითებული. პირველი ხელშეკრულების მე-3 მუხლია, რომელიც წევრებს ავალდებულებს, არ მიიღონ ისეთი ზომები, რომლებმაც შეიძლება კავშირის მიზნებს საფრთხე შეუქმნას. მეორეა 1969 წლის ვენის კონვენცია საერთაშორისო ხელშეკრულებების სამართლის შესახებ, რომლის თანახმადაც, სხვა მხარეებს შეუძლიათ ერთობლივად შეაჩერონ ხელშეკრულების მოქმედება იმ სახელმწიფოსთან მიმართებით, რომელმაც იგი არსებითად დაარღვია.

ეს შეჩერება შეიძლება გაგრძელდეს მანამ, სანამ სომხეთი არ ჩაატარებს რეფერენდუმს, სადაც გადაწყდება, რომელს ირჩევს სომხეთი – ევრაზიულ კავშირს თუ ევროკავშირს.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.