რატომ გაასაჩივრა „საბუკომ“ კვერნაკის ქედზე დაგეგმილი ქარის 2 სადგური

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაცია „საბუკოს“ დირექტორი ნათია ჯავახიშვილი განცხადებას ავრცელებს კვერნაკის ქედზე დაგეგმილი ქარის სადგურების მშენებლობის შესახებ.

ნათია ჯავახიშვილის თქმით, გეგმაშია 13-მდე ქარის სადგურის მშენებლობა საქართველოს მასშტაბით, საიდანაც მათ გაასაჩივრეს 2 პროექტი, რომლებიც დაგეგმილია კვერნაკის ქედზე.

„კვერნაკის ქედი წარმოადგენს ბერნის კონვენციით სახეობებისა და ჰაბიტატების დასაცავდ შექმნილ „ზურმუხტის საიტს“, ასევე Birdlife International-ის მიერ აღიარებულ ფრინველთათვის მნიშვნელოვან ტერიტორიას. კვერნაკის ქედის მაღალი საერთაშორისო ღირებულება ძირითადად გამომდინარეობს აქ მობუდარი ფასკუნჯის წყვილებიდან, თუმცა აქტიურად გამოიყენება სხვა მტაცებელი ფრინველების მიერ, როგორც ბუდობის, ისე მიგრაციის პერიოდში“, – წერს ნათია ჯავახიშვილი.

ჯავახიშვილის თქმით, ორივე პროექტი ითვალისწინებს ქედზე მინიმუმ 27 ტურბინის განთავსებას და აღნიშნავს, რომ პროექტის დოკუმენტაციის გაცნობის შემდგომ გამოიკვეთა გარემოსდაცვითი, როგორც ეროვნული ისე საერთაშორისო კანონმდებლობის მნიშვნელოვანი დარღვევები.

„კერძოდ, ეს უკავშირდება პროექტის განხორციელების ალტერნალტიული ადგილების განხილვასა და შერჩეული ტერიტორიის დასაბუთებას. კომპანიები არ განიხილავდნენ კვერნაკის ქედის გარდა სხვა ადგილებს, ვინაიდან წინასწარ მთავრობასთან გაფორმებული მემორანდუმებით შეათანხმეს კვერნაკის ქედი, როგორც საპროექტო ტერიტორია. ამ და სხვა ფაქტორებმა განაპირობა ის რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, არაერთხელ შერჩერდა პროექტის ნებართვის მიღების პროცესი და კომპანიას არაერთხელ მიეცა შანსი რომ ეს ხარვეზები გამოესწორებინა“, – წერს ის.

ნათია ჯავახიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა მათი მხრიდან არ მოხდა სამინისტროდან მიღებული შენიშვნების გათვალისწინება, კასპის ქარის ელ. სადგურმა უკვე მიიღო პროექტის განხორციელების ნებართვა, ამავე სამინისტროდან.

ჯავახიშვილი განმარტავს, რატომ არის მნიშვნელოვანი ასეთი ტერიტორიების დაცვა და იმ მოთხოვნების შესრულება, რაც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აქვს აღებული.

მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაში ბუნების კონსერვაციის კუთხით რიგი ვალდებულებებია გაწერილი, მათ შორის ფრინველთა დირექტივის მოთხოვნების შესაბამისად სახეობების დაცვა და სიცოცხლისუნარიანი პოპულაციების შენარჩუნება.

„იმ შემთხვევაში, თუ ამ საიტზე ვერ შენარჩუნდება საკმარისი დაცულობა იმ სახეობებისათვის რომელთათვისაც ეს კონკრეტული საიტი დამტკიცდა, ტერიტორიის სტატუსი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება“,- აცხადებს ჯავახიშვილი.

მისი თქმით, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის მომზადებამდე არ შეთანხმდეს ერთი კონკრეტული საპროექტო ტერიტორია მთავრობასთან.


„საბუკო“ – Birdlife International – ის პარტნიორი საქართველოში, არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის ძირითად საქმიანობას სახეობებისა და მათი ჰაბიტატების შენარჩუნება წარმოადგენს.