პატიმრობაში მყოფი ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ ციხეში ახლა უკვე მის მეორე შვილს, გიორგი ფეიქრიშვილს უსწორდებიან.
“იგივე წყარომ მომაწოდა ინფორმაცია, რომელმაც დათუნაზე გვითხრა, ჩემი ინფორმაციით სწორედ ახლა იმყოფებიან ჯალათები ჩემს შვილთან, ვდგავარ გლდანის ციხესთან, ველოდები ადვოკატს, რომ შეუშვან” – გვითხრა ფეიქრიშვილების დედამ, ნინო აბრამიშვილმა.
პუბლიკა დაუკავშირდა პენიტენციური დაწესებულების პრესსამსახურს, სადაც პუბლიკას განუცხადეს, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და “არავითარი ინციდენტიც კი არ მომხდარა”.
შეგახსენებთ, რომ მანამდე, 16 ოქტომბერს, ადვოკატის ინფორმაციით დავით ფეიქრიშვილს ციხის საკანში ფიზიკურად გაუსწორდნენ ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და კიდე ორი პირი.
„ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი, სახის ძვლები ჩამტვრეული და აღენიშნება სისხლნაჟღენთები“ – ამბობდა ადვოკატი. მისივე თქმით, თავდამსხმელები აგრძელებენ დავით ფეიქრიშვილზე ზეწოლას და მას ტელეფონის კოდს სთხოვენ. ადვოკატის თქმით, ციხის თანამშრომლებმა ყველაფერი იციან და ამ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა.
კლინიკა „ვივამედში“ ადასტურებენ, რომ დავით ფეიქრიშვილი 19 ოქტომბერს კლინიკაში შეიყვანეს და ღამით გაწერეს ციხის სამკურნალო დაწესებულებაში. ექიმ ზურაბ ჩხაიძის თქმით, მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. 20 ოქტომბერს დავით ფეიქრიშვილი კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს და ოპერაცია ჩაუტარდა.
ჩხაიძის თქმით, ფეიქრიშვილს ზედა კიდურები ჰქონდა დაზიანებული.
პენიტენციური გავრცელებულ ინფორმაციას მაშინაც სიცრუეს უწოდებდა და აცხადებდა, რომ დავით ფეიქრიშვილზე ძალადობას ადგილი არ ჰქონია.