Film Comment-ის გამოკითხვის შედეგებით, 2021 წლის საუკეთესო ფილმებს შორის 2 ქართულია

პუბლიკა

ლინკოლნის ცენტრის გამოცემა Film Comment-მა 2021 წლის საუკეთესო ფილმების გამოსავლენად ასამდე კინოკრიტიკოსს შორის ტრადიციული გამოკითხვა ჩაატარა.

გამოკითხვის შედეგად, საუკეთესო ფილმების ჩამონათვალში 2 ქართული ფილმი მოხვდა – სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი „მოთვინიერება“ და ალექსანდრე კობერიძის მხატვრული ფილმი „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“.

გამოკითხვაში მონაწილეობდნენ როგორც Film Comment-ის კონტრიბუტორები, ასევე კურატორები, კრიტიკოსები, რედაქტორები და ჟურნალისტები გამოცემებიდან: The New Yorker, Rolling Stone, The New York Times, Sight & Sound და ა.შ.

Film Comment-ის გარდა ქართული ფილმები გამოცემა Indiewire-ის წლის შემაჯამებელ გამოკითხვაშიც მოხვდა. მსოფლიოს მასშტაბით 187 კინოკრიტიკოსისა და ჟურნალისტის გამოკითხვის შედეგად, რჩეული ფილმების ჩამონათვალში ორი ქართული სურათი მოხვდა: საუკეთესო საერთაშორისო ფილმის კატეგორიის ათეულში ალექსანდრე კობერიძის „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“, ხოლო საუკეთესო დებიუტის კატეგორიაში მე-8 ადგილი დაიკავა დეა კულუმბეგაშვილის „დასაწყისმა“.


სალომე ჯაშის „მოთვინიერებას“ თბილისის წლევანდელ ფესტივალზე საუკეთესო დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში „ოქროს პრომეთე“ გადაეცა. ფილმის მსოფლიო პრემიერა 31 იანვარს სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. მოგვიანებით „მოთვინიერება“ ბერლინის საერთაშორისო ფესტივალის სექციაში – „პანორამა“ – უჩვენეს.

ალექსანდრე კობერიძის ფილმის პრემიერა კი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარ საკონკურსო პროგრამაში შედგა და კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის ჯილდოც მოიპოვა. ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალზე კი საუკეთესო სცენარისთვის ალექსანდრე კობერიძეს „ვერცხლის ჰიუგო“ გადაეცა.

„რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ საქართველოდან „ოსკარზე“ წარსადგენი კანდიდატი იყო, თუმცა კომისიამ ლევან კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონი“ აირჩია. ალექსანდრე კობერიძის სურათი თბილისის წლევანდელ კინოფესტივალზეც უჩვენეს, სადაც ფილმი პრიზისა და განსაკუთრებული აღნიშვნის გარეშე დარჩა.