„ჩვენს ასობგერებსა და ანბანში Z და V სხვანაირი ფორმის არის და დაგვანებონ თავი. Z და V ლათინური სიტყვებიდან ამოვიღოთ თუ რას ითხოვენ? ფილმი „ზორო“ აღარ გავუშვათ თუ რა ვქნათ?“ – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი „ლელოს“ საკანონმდებლო ინიციატივას.
ქადაგიშვილისთვის გაუგებარია, თუ რის აკრძალვას ითხოვს „ლელო“. დეპუტატი აღნიშნავს, რომ საქართველოში რუსული აგრესიის სიმბოლოებს არ იყენებენ.
„არსებობს საერთაშორისო ბრენდები, სადაც Z და V ასე თუ ისე გამოყენებულია, აქედან გამომდინარე, არ ვიცი როგორ უნდა ავკრძალოთ. ზოგადად საქართველოში პროპაგანდა არ ხდება. ერთ- ერთმა მწერალმა თქვა, რომ „ჯარისკაცის მამაც“ იმ პროპაგანდის ნაწილიაო, ავკრძალოთ „ჯარისკაცის მამაც“? ხშირად გვაქვს იდეოლოგიურ და პოლიტიკურ სპეკულაციასთან საქმე. ჩვენთან არც „გეორგიევსკის ლენტი“ გამოიყენება და არც სხვა რაიმე ნიშანი, რაც რუსული აგრესიის პროპაგანდის ნიშანია. ჩვენ თუ ასე წავედით, მაშინ „გიორგი სააკაძეც“ უნდა ავკრძალოთ, რადგან რუსეთია ნახსენები და საბჭოთა პერიოდში გადაღებულია და „ჯარისკაცის მამაც“ უნდა ავკრძალოთ. ვფიქრობ, ამას უფრო კამპანიური ხასიათი აქვს,“ – განაცხადა ქადაგიშვილმა.
„ლელო” საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომელიც რუსეთის აგრესიული პოლიტიკის სიმბოლოებს, კერძოდ, წმინდა გიორგის ლენტს, ასევე „Z” და „V” სიმბოლოების გამოყენებაზე ჯარიმის დაწესებას ითვალისწინებს.