„Z" და „V" სიმბოლოების გამოყენებაზე ჯარიმის დასაწესებლად „ლელომ" კანონპროექტი მოამზადა

პუბლიკა

„ლელო” საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომელიც რუსეთის აგრესიული პოლიტიკის სიმბოლოებს, კერძოდ, წმინდა გიორგის ლენტს, ასევე „Z” და „V” სიმბოლოების გამოყენებაზე ჯარიმის დაწესებას ითვალისწინებს, – ამის შესახებ „ლელოს” წევრებმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

პარტიის ცნობით, კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება 17419 მუხლი, რომლის სათაურია „რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული აგრესიის განდიდება, გამართლება ან/და მხარდაჭერა“.

აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი ასეა ფორმულირებული: „რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს, უკრაინის ან რომელიმე სხვა სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული აგრესიის განდიდება, გამართლება ან/და მხარდაჭერა ნებისმიერი ფორმით და საშუალებით, რაც გამოიხატება, მათ შორის, წმინდა გიორგის სახელობის ნარინჯისფერ-შავ ზოლებიანი ლენტის, აგრეთვე ლათინური ასოების „Z“ და „V“ სიმბოლოების დამზადება, შემოტანა, გავრცელება, გამოყენება ან ტარებაში“.

აღნიშნული სამართალდარღვევისათვის ფიზიკურ პირს დაეკისრება ჯარიმა 2 000 ლარის, ხოლო იურიდიულ პირს 5 000 ლარის ოდენობით.

იმავე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა ხელმეორედ ჩადენილი სამართალდარღვევისათვის. კერძოდ, ასეთ შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 5 000 ლარით ან ადმინისტრაციული პატიმრობით 15 დღემდე ვადით, ხოლო იურიდიული პირი – 10 000 ლარით.


უკრაინაში რუსეთის სამხედრო ძალების შეჭრის შემდეგ რუსი სამხედროები სიმბოლო „Z“-ს იყენებენ. ამავე სიმბოლოს იყენებს რუსეთის სამთავრობო უწყებები და ადამიანები, რომლებიც ომში რუსეთის ქმედებებს უჭერენ მხარს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ სახელმწიფოებს მოუწოდა, რომ აკრძალონ „Z“ სიმბოლოს გამოყენება.