„გენერალურ ინსპექციას არანაირი მოკვლევა არ დაუწყია, რა თქმა უნდა”, – ასე პასუხობს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაური დეპუტატ ხათუნა სამნიძის შეკითხვას ყვარელში მომხდარ შემთხვევაზე, რა დროსაც ლევან ბერძენიშვილს ძალადობრივი ჯგუფის წევრებმა ლექციის ჩატარების შესაძლებლობა არ მისცეს.
„რა უნდა გაეკეთებინა პოლიციას?” – შეუბრუნა შეკითხვა მინისტრმა დეპუტატს.
„იქ იყო დაახლოებით 40-50 ადამიანი. პოლიციელი კი 7 თუ 6 ადამიანი. არ გადმოსულა მანქანიდან ბატონი ბერძენიშვილი, მანქანა არ დაუზიანებიათ, ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ და რა უნდა გაეკეთებინა პოლიციას, თუ მეტყვით, კი ბატონო.
შვიდ ადამიანს დაგვეკავებინა, გადაგვეყვანა იზოლატორში… რა უნდა გაგვეკეთებინა?! მანქანა არ დაუზიანებიათ, ადამიანზე ხელი არ დაუდიათ, უკაცრავად.
ეგრე რომ ავიღოთ, 300-500 ადამიანი იკრიბება პარლამენტის წინ, ოპოზიცია, ,თქვენს მათ შორის კეტავთ გზას, იქ ბევრ ადამიანს ეზღუდება [გადაადგილება], რომელიც მიდის სხვადასხვა ადგილას, ბავშვი მიჰყავს საავადმყოფოში; რა უნდა გავაკეთოთ, 300-500 კაცი, დავაკავოთ და გადავიყვანოთ იზოლატორში?
თუ იქნება დაზიანება, ფიზიკური შეხება, ეს სხვა თემაა; ის არ გადმოსულა მანქანიდან და პოლიციას რა უნდა გაეკეთებინა – გადმობრძანდით, მობრძანდით, ამათ დავაკავებთ? რა უნდა გაგვეკეთებინა არ ვიცი. მე ვფიქრობ, არაფერი დაუშავებიათ ამ პოლიციელებს”, – განაცხადა გომელაურმა.
დეპუტატ ხათუნა სამნიძის თქმით, პოლიცია უმოქმედოდ იდგა და არ უცდია, რომ ლექციაზე შეეყვანათ ადამიანი და ლექცია არ ჩაშლილიყო.
„დაიწყო თუ არა მოკვლევა გენინსპექციამ პოლიციელების უმოქმედობასთან დაკავშირებით”, – იკითხა სამნიძემ.
15 იანვარს ყვარელში ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია უნდა გამართულიყო, თემაზე: „ილია, ჩვენი ევროპელი მამა”.
ძალადობრივი და პრორუსული ორგანიზაციის თაოსნობით პირთა ჯგუფმა გზა გადაკეტა და ბერძენიშვილს აღარ მიეცა ლექციის ჩატარების შესაძლებლობა.