სახელისუფლებო პარტიის ერთი მხარდამჭერიც არ მოიძებნა, ვინც იტყოდა, რომ ეს სასიხარულო არაა - ბერძენიშვილი

პუბლიკა

ლევან ბერძენიშვილმა „კვირის ფორმულას” ეთერში 15 იანვარს ყვარლის ცენტრი მომხდარის შესახებ ისაუბრა.

ყვარელში ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია უნდა გამართულიყო, თემაზე: „ილია, ჩვენი ევროპელი მამა”.

„არ მომცეს ამის საშუალება მოქალაქეებმა, რომლებმაც იქ, იმ წუთას არ მითხრეს ვინ იყვნენ. ამ ამბების შემდეგ დამირეკა მე ჟურნალისტმა, მთხოვა საუბარი, მითხრა, რომ თქვენ ლექცია არ ჩაგატარებინათ „ალტ-ინფომ”, მე ვარ „ალტ-ინფოს” ჟურნალისტი და მელაპარაკეთო…

ჩვენ რომ სახელმწიფოებრიობა გვქონოდა, ყასიდად მაინც ხელისუფლება იტყოდა, რომ ის აღშფოთებულია, შეწუხებულია, რომ მოქალაქეს არ მიეცა საშუალება, ლექცია წაეკითხა…

უბრალოდ, ცოტა შემაწუხებელია, რომ ამას აკეთებს რაღაცა ჯგუფი… მე ერთი წამით არ გამიჩნდება ეჭვი, რომ ყვარელი, ან კახეთი, ან საქართველო, ყველა ასე ფიქრობს, მაგრამ შთაბეჭდილება ისეთი დარჩა, რომ ამ უწიგნურ და ძალიან სერიოზულად დაქოქილ ადამიანებს ეძლევათ საშუალება, მართონ ქვეყანა; ფაქტობრივად, სად ჩატარდება, სად არ ჩატარდება, წყვეტს ადამიანი, ვინც სიტყვა ლექციის მნიშვნელობა არ იცის”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისი თქმით, სახელისუფლებო პარტიის ერთი მხარდამჭერი არ მოიძებნა, ვინც იტყოდა, რომ ყველაფერი, მაგრამ ლექციის ჩატარების ჩაშლა არ არის სასიხარულო ამბავი. „არა, ყველას მოეწონა ეს”… „იქ დაქირავებული ხალხი იყო. მე ახლა მომხრეებზე ვსაუბრობ, ხელისუფლების მომხრეები ვერაფრით ხვდებიან, როგორ ხევენ ქვეყანას უკან. სხვათა შორის, ჩვენ მანქანა არ მოგვიბრუნებია, ჩვენ უკუსვლით წავედით, როგორც მთელი ქვეყანა“.

რაც შეეხება პოლიციის ქმედებებს, ბერძენიშვილის თქმით, ისინი ადგილზე უმოქმედოდ იყვნენ.

„პოლიციას რომ ჰქონოდა სურვილი, ისინი იმდენი არ იყვნენ, რომ მე ვერ გავეტარებინე, მაგრამ პოლიცია საერთოდ წყნარად იყო, ჩემთან არ მოსულან და არ უთქვამთ: ხომ არ წახვალთ, ან ხომ არ მოხვალთ. ისინი იქ იყვნენ, როგორც სტატისტები, ორივე იყო ხელისუფლების მოგზავნილი… ოცდაათიოდე კაცმა მოახერხა გზის გადაკეტვა ქალაქ ყვარლის ცენტრში”, – ამბობს ბერძენიშვილი.