„დაგვამშვიდა პრემიერმა. ყველაფერი ძალიან ადეკვატურად მიიღო" - ფხაკაძე

პუბლიკა

მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესსექტორსა და პრემიერ-მინისტრს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ თქვა, რომ განიხილეს „მაკროეკონომიკური ხასიათის საკითხები“, დაახლოებით 10 პუნქტი, რომლის შესახებაც წარმოადგინეს ბიზნესის ხედვა.

ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით, ასოციაციის ფუნქციაა, ბიზნესის ყველა გამოწვევა ობიექტურად, პროფესიულად და აკადემიურად მიიტანოს ხელისუფლებამდე.

„ჩვენ ისეთ ინფორმაციას ვერ მივაწვდით ვერავის, რომელიც არ არის 100-ჯერ გადამოწმებული. დღეს, ძირითადად, ვიყავით მაკროეკონომისტები და გვინდოდა, როგორც ყოველთვის, ძალიან პროფესიულად დაგვეყენებინა საკითხები“, – განაცხადა ფხაკაძემ.

ფხაკაძის თქმით, შეხვედრაზე განხილული საკითხები მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის და მათი სწრაფად გადაჭრის გზები უნდა მოიძებნოს.

„პრემიერი შეგვპირდა, რომ თანდათანობით მიხედავს, თითოეულს. გვექნება ერთობლივი შეხვედრები. ეს იყო პირველი. ამით არ უნდა დამთავრდეს, რასაკვირველია. მოწადინებულები ვართ, რომ ბევრი შეხვედრა გაიმართოს, იმდენი, რამდენიც საჭიროა saimisod, რომ ბიზნესი დადგეს ფეხზე, რამეთუ ძლიერ ეკონომიკას ქმნის ბიზნესი და ძლიერი ეკონომიკა არის მთავარი ფორმულა, ქვეყნის წარმატების მთავარი საწინდარი“, – განაცხადა ფხაკაძემ.

ჟურნალისტების შეკითხვებზე, კონკრეტულად რა საკითხებს მოიცავდა ხსენებული 10 პუნქტი, ფხაკაძემ თქვა, რომ საუბარი იყო იმ თემებზე, „რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს პერიოდში გადაწყდეს“.

„მათ შორის, რა თქმა უნდა, გაცვლითი კურსი ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ლარის კურსი არის მთავარი ეკონომიკური ბარომეტრი ჩვენი ქვეყნის.

ჩვენს [ბიზნესისა და პრემიერის] საერთო თვალთახედვასთან დაკავშირებით… ეს იყო პირველი შეხვედრა. შემდეგი შეხვედრები გვექნება და ყველაფერს…“, – თქვა ფხაკაძემ.

შეკითხვაზე – „[პრემიერმა] რაღაც ხომ გითხრათ, აქეთ დაამშვიდეთ თუ იქით დაგამშვიდათ?“  – სოსო ფხაკაძე პასუხობს:

„ჩვენ ძალიან დაგვამშვიდა პრემიერმა. ყველაფერი ძალიან ადეკვატურად მიიღო. იმის იმედი უნდა გვქონდეს, რომ ერთად ვიმუშაოთ, რომ ეკონომიკა ფეხზე დავაყენოთ და ამ მდგომარეობაში არ ვიყოთ“, – განაცხადა ფხაკაძემ.

მისივე თქმით, „სახელმწიფოს კარგი ხედვა აქვს პრივატიზებასთან დაკავშირებით“, რასაც მიესალმება.

„მთელი რიგი ქვეყნების ეკონომიკის ისტორიებს თუ გადახედავთ, ნახავთ, რომ სახელმწიფო ყველგან არის ძალიან ცუდი ინვესტორი. ამიტომ ყველა აქტივი, რომელიც არ არის სტრატეგიული მნიშვნელობის (სტრატეგიული მნიშვნელობის აქტივები გასაგებია), ყველა დანარჩენი აქტივი, თუ რამეა დარჩენილი სახელმწიფოს ხელში, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაეცეს ასოციაციას“, – განაცხადა მან.

TBC ბანკის გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის ინფორმაციით, ისაუბრეს განათლების სფეროზე, სახელმწიფო სექტორში არსებულ ბიუროკრატიაზე, ბიზნესისთვის აუცილებელ ცვლილებებსა და სოფლის მეურნეობაზე.

„ყველაზე მთავარი მესიჯი, რაც საზოგადოებამ ნახა ისაა, რომ ეს პრემიერ-მინისტრი არის პრობიზნესური“, – განაცხადა ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა.

კომპანია „რედიქსის“ დამფუძნებლის შეფასებით, პრემიერისა და ბიზნესის ხედვა ერთმანეთთან თანხვედრაშია, რითაც, მისი თქმით, ყველა კმაყოფილი დარჩა.

„ის, რომ ადამიანი პრობიზნესური ვარო, აცხადებს, ის, რომ ადამიანი ახალგაზრდაა, ის, რომ ადამიანი ჯან-ღონით სავსეა, განათლებულია და, რაც მთავარია, კარგი ოჯახი აქვს, ყველაფერი ესა…“, – განაცხადა მან.

შეკითხვაზე, შველის თუ არა ეს ლარის კურსს, პაპაშვილი პასუხობს, რომ „ლარის კურსს შველის ზუსტად ეს, პირველ რიგში ის, რომ პრობიზნესურია“.

პრემიერ-მინისტრმა ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და პანდემიით შექმნილი…

Posted by საქართველოს მთავრობა on ოთხშაბათი, 31 მარტი, 2021