Flydubai თბილისის მიმართულებით ფრენას 28 იანვრიდან განაახლებს

პუბლიკა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ავიაკომპანია Flydubai თბილისის მიმართულებით  საჰაერო მიმოსვლას 28 იანვრიდან განაახლებს.

სააგენტოს ცნობით, თებერვალში, დუბაი-თბილისი-დუბაის საჰაერო ხაზზე ფრენა კვირაში 2-ჯერ, ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს შესრულდება.

ავიარეისები Boeing 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით, შემდეგი განრიგით შესრულდება:

  • დუბაი – თბილისი, ჩამოფრენა 15:50 (ადგილობრივი დრო);
  • თბილისი – დუბაი, გაფრენა 16:50 (ადგილობრივი დრო).

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას წარმოდგენილი განრიგით ოპერირების ნებართვა უკვე მიანიჭა.

ავიაკომპანია Flydubai საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2011 წელს შემოვიდა.
სააგენტოს ინფორმაციით, რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ეტაპობრივი აღდგენის პროცესი საქართველოში 2020 წლის აგვისტოდან დაიწყო. თავდაპირველად ფრენა განახლდა მიუნხენის, რიგისა და პარიზის მიმართულებით. ნოემბრიდან რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ასევე განახლდა ამსტერდამის, ვენის, ბერლინისა და დოჰას მიმართულებებით (ნოემბრამდე აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე სრულდებოდა ჩარტერული რეისები). გარდა ამისა, დაინიშნა მრავალჯერადი ჩარტერული ფრენა სტამბოლის, ათენის, ვარშავის, კიევის, მინსკისა და თელ ავივის მიმართულებით.