ფონდი „ფეა თრიიზ": იძულებული ვართ, შევწყვიტოთ თანამშრომლობა ონში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის გახსნაზე

პუბლიკა

ფონდი „ფეა თრიიზი“ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ონში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის გახსნის პროექტს აჩერებს, მიზეზად კი რუსულ კანონს ასახელებს.

ფონდი აღნიშნავს, რომ 28 მაისს, ხელისუფლების მიერ რუსულ კანონზე მიღებული გადაწყვეტილება უკვე უარყოფითად აისახა ფონდის მუშაობაზე.

„28 მაისს, საქართველოს ხელისუფლების მიერ კანონზე „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ მიღებული გადაწყვეტილება უკვე უარყოფითად აისახა ჩვენი ფონდის მუშაობაზე.

სამწუხაროდ, იძულებული ვართ შევწყვიტოთ 2023 წელს დაწყებული თანამშრომლობა ონის მუნიციპალიტეტის მერიასთან ონში ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური კლინიკის გახსნასთან დაკავშირებით.

პროექტზე მუშაობის დაწყება შესაძლებელი გახდა ონის მოსახლეობის დიდი თხოვნის და აქტიური ჩართულობის შედეგად. ვგრძნობთ რა ანგარიშვალდებულებას ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ, გიზიარებთ ონის მერიისთვის გადაგზავნილ წერილს, რომელშიც ახსნილია გადაწყვეტილების მიღების მიზეზები.

ვიმედოვნებთ, ქვეყანაში მალე დაბრუნდება არასამთავრობო სექტორის მიმართ კეთილგანწყობილი საკანონმდებლო ბაზა და შესაძლებლობა მოგვეცემა განვაგრძოთ საზოგადოებისთვის სიკეთის მომტანი პროექტების განხორციელება“, – ნათქვამია განცხადებაში.