ფონიჭალაში 9 ნარკორეალიზატორი დავაკავეთ - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფონიჭალის დასახლებაში, ნარკორეალიზაციის ბრალდებით, 9 პირი დააკავეს. კერძოდ, მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები – „ჰეროინი“ და „მეტადონი“, ასევე, ფული და მობილური ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღო”, – აცხადებს შსს.

უწყების განცხადებით, 2020 წლის განმავლობაში მათ 71 ნარკორეალიზატორი დააკავეს; გამოვლენილია ნარკოტრანზიტის სქემა და ამოღებულია 40 კგ „ჰეროინი“.  პასუხისგებაში მიცემულია ნარკოტიკებით ონლაინვაჭრობაში ჩართული 16 პირი,​ დაიხურა 13 ინტერნეტ ნარკოსარეალიზაციო მაღაზია; გამოვლენილია ფსიქოაქტიური ნივთიერების დამამზადებელი ნარკოლაბორატორია; უკანონო ბრუნვიდან სულ ამოღებულია: 89 კილოგრამი „ჰეროინი“; 1 კილოგრამი „კოკაინი“; 7 000 აბი „სუბუტექსი“ და „სუბოქსინი“; 6 კილო და 500 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები”.