„ფორმულა“ „ჩცდ“-ის დღის ეთერში გაშვებისთვის 2 500 ლარით დააჯარიმეს

პუბლიკა

კომუნიკაციების კომისიამ სერიალ ტელეკომპანია „ფორმულა” დააჯარიმა. ტელეარხის ცნობით, მიზეზი დღის ეთერში სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების” სერიების გაშვებაა.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, რომ „ფორმულა“ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევის გამო 2500 ლარით დაჯარიმდა. როგორიც განცხადებაშია ნათქვამი დაჯარიმების საფუძველი სამაუწყებლო ბადეში არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამის შეუსაბამო დროს და ასაკობრივი ნიშანდების წესების დარღვევით განთავსება გახდა. ამას გარდა, „ფორმულას“ დაევალა დაიცვას ბავშვის უფლებათა კოდექსი, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი და უზრუნველყოს სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ეთერში განთავსება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ დროს სათანადო ნიშანდებით, რათა მოზარდებზე მავნე ზეგავლენა არ მოახდინოს.

შესაბამისი საჩივრით კომისიას მოქალაქე გიორგი ყიფიანმა მიმართა. გიორგი ყიფიანი საჩივარში აღნიშნავს, რომ „ჩემი ცოლის დაქალების“ თითქმის ყველა სერია შეიცავს შეურაცხმყოფელ ლექსიკასა და გინებას” და რომ იგი ეთერში გადის როგორც „ყველასთვის დასაშვები“.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს ასევე მიმართავს კომისიის მომხმარებელთა ინტერესების დამცველიც, რომელიც იზიარებს მომჩივანის შეფასებებს და აღნიშნავს, რომ, მაგალითად, „ჩემი ცოლის დაქალებში“ გამოიყენება „ბილწსიტყვაობა“.

„ფორმულას“ ეთერში არხის გენერალურმა დირექტორმა ზუკა გუმბარიძემ განაცხადა, რომ ახალი კანონის სრულად ამოქმედებით მედიის ცენზურა დაიწყება და შესაძლოა, ჩცდ-ს შემდეგ სხვა კონტენტიც შეზღუდონ.

საქმე ეხება „ბავშვთა უფლებათა კოდესს“, რომელიც 1 სექტემბრიდან ამოქმედდა და ძალაში შევიდა „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილებები. ცვლილებების მიხედვით, მაუწყებლებს სამაუწყებლო ბადის დაგეგმვისა და შინაარისის თვალსაზრისით გარკვეული ვალდებულებები და შეზღუდვები დაუწესდათ.

ამ ცვლილების ინიციატორი სოფო კილაძე აღნიშნავდა, რომ საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი ბავშვების მავნე ზეგავლენისგან დაცვა იყო.

„მაუწყებლობის შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილებებით:

  • მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან არასრულწლოვნის დაცვა;
  • მაუწყებელს ეკრძალება ისეთი პროგრამის გადაცემა ან პროგრამაში ისეთი მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვნის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას, აგრეთვე მის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას.
  • მაუწყებელს ეკრძალება ისეთი პროგრამის გადაცემა ან პროგრამაში ისეთი მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვნის სოციალიზაციას.
  1. 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 24 საათამდე;
  2. 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 23 საათამდე;
  3. 12 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 21 საათამდე;
  4. 7 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 21 საათამდე.

ამ და სხვა მოთხოვნების დარღვევის გამო, შესაძლოა, კომისიამ მაუწყებლები დააჯარიმოს ან ლიცენზია შეუჩეროს.