3 არხს ჩცდ-ის, „მამაცი გულისა“ და „დორიან გრეის“ დღის ეთერში გაშვებისთვის უჩივიან

პუბლიკა

ტელეკომპანია „ფორმულას“ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ დღის ეთერში გაშვების გამო კომუნიკაციების კომისიაში უჩივლეს.

გიორგი ყიფიანი საჩივარში აღნიშნავს, რომ „ჩემი ცოლის დაქალების“ თითქმის ყველა სერია შეიცავს შეურაცხმყოფელ ლექსიკასა და გინებას” და რომ იგი ეთერში გადის როგორც „ყველასთვის დასაშვები“.

საჩივრის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ტელეკომპანია „მარაომ“ ასაკობრივი კატეგორიის მითითების გარეშე დასვენების დღეებში უჩვენა ფილმები – „დორიან გრეი“ და „საკანი 211“, – ყიფიანის თქმით, ამ ფილმებში ძალადობისა და ნარკოტიკების მოხმარების სცენებია.

საჩივარი ასევე ეხება GDS-ის ეთერში 19:00 საათზე გასულ ფილმს – „მამაც გულს“. საჩივრის ავტორის მტკიცებით, ფილმს 17-წლამდე ასაკობრივი კატეგორია აქვს მინიჭებული.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს ასევე მიმართავს კომისიის მომხმარებელთა ინტერესების დამცველიც, რომელიც იზიარებს მომჩივანის შეფასებებს და აღნიშნავს, რომ, მაგალითად, „ჩემი ცოლის დაქალებში“ გამოიყენება „ბილწსიტყვაობა“.

„აუდიოვიზუალური მედიამომსახურების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ მოცემულ [„ჩემი ცოლის დაქალების“] შემთხვევაში, პროგრამაში შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენება განპირობებულია პროგრამის პერსონაჟის მახასიათებლითა და ნაწარმოების მხატვრული ღირებულებით, რაც გამოყენებული ტერმინების კონტექსტით გამართლების საფუძველია. თუმცა, ამავე მუხლის მე-3 პუნქტი, შეურაცხმყოფელ ლექსიკას, მათ შორის კონტექსტით გამართლებულს 12 წლამდე არასრულწლოვანთათვის შეუფერებლად მიიჩნევს. კანონის 561-ე მუხლის თანახმად კი, 12 წლამდე ასაკის პირთათვის შეუფერებელი ლექსიკა 21 საათის შემდეგ უნდა განთავსდეს“, – აღნიშნავს კომუნიკაციების კომისიის მომხმარებელთა ინტერესების დამცველი გვანცა ჩხეიძე მიმართვაში.

დღის წესრიგის მიხედვით, კომუნიკაციების კომისია გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს.

„ფორმულას“ ეთერში არხის გენერალურმა დირექტორმა ზუკა გუმბარიძემ განაცხადა, რომ ახალი კანონის სრულად ამოქმედებით მედიის ცენზურა დაიწყება და შესაძლოა, ჩცდ-ს შემდეგ სხვა კონტენტიც შეზღუდონ.

„ერთი მხრივ, ეს წარმოადგენს პრობლემას შინაარსის მიმართულებით. იმიტომ, რომ ესაა მაუწყებლის კონტენტში ჩარევის მცდელობა, მეორე მხრივ, ამას გარკვეული ფინანსური ზეწოლაც მოჰყვება“, – ამბობს ზუკა გუმბარიძე.

საქმე ეხება „ბავშვთა უფლებათა კოდესს“, რომელიც 1 სექტემბრიდან ამოქმედდა და ძალაში შევიდა „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილებები. ცვლილებების მიხედვით, მაუწყებლებს სამაუწყებლო ბადის დაგეგმვისა და შინაარისის თვალსაზრისით გარკვეული ვალდებულებები და შეზღუდვები დაუწესდათ.

ამ ცვლილების ინიციატორი სოფო კილაძე აღნიშნავდა, რომ საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი ბავშვების მავნე ზეგავლენისგან დაცვა იყო.

„მაუწყებლობის შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილებებით:

  • მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან არასრულწლოვნის დაცვა;
  • მაუწყებელს ეკრძალება ისეთი პროგრამის გადაცემა ან პროგრამაში ისეთი მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვნის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას, აგრეთვე მის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას.
  • მაუწყებელს ეკრძალება ისეთი პროგრამის გადაცემა ან პროგრამაში ისეთი მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვნის სოციალიზაციას.
  1. 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 24 საათამდე;
  2. 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 23 საათამდე;
  3. 12 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 21 საათამდე;
  4. 7 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 21 საათამდე.

ამ და სხვა მოთხოვნების დარღვევის გამო, შესაძლოა, კომისიამ მაუწყებლები დააჯარიმოს ან ლიცენზია შეუჩეროს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივამ“ (GDI) 31 აგვისტოს, მთავარი არხის, ფორმულას, ტელეკომპანია კავკასიასა და ტელეკომპანია პირველის და სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ შემოქმედებითი ჯგუფის სახელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა.

GDI მიიჩნევს, რომ მაუწყებლებისთვის დღეს ამოქმედებული საკანონმდებლო ნორმები ცენზურაა და არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს.