ტელევიზიებმა მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა

პუბლიკა

GDI-იმ ოთხი ეროვნული მაუწყებლის სახელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა.

კონსტიტუციური სარჩელით კომპანიები ითხოვენ „ბავშვის უფლებების კოდექსის“ 66-ე მუხლის პირველი ნაწილის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561, 562 და 71 მუხლის დებულებების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ, მეორე და მესამე პუნქტებთან, ასევე, მე-20 მუხლის პირველ და მეორე პუნქტთან მიმართებით.

ორგანიზაციის განცადებით, სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობასთან ერთად, სარჩელით ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე მათი მოქმედების შეჩერებას ითხოვენ.

სარჩელში სადავოა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ნორმები, რომლებიც ბავშვზე მავნე ზეგავლენის მქონე ინფორმაციისგან არასრულწლოვანთა დაცვის მოტივით მაუწყებელთა მიერ გადაცემულ სრულ ინფორმაციას შინაარსობრივად არეგულირებს.

„მიგვაჩნია, რომ ნორმები არღვევს მაუწყებელთა კონსტიტუციით გარანტირებულ სიტყვისა და მისი გამოხატვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლებისა და ცენზურის აკრძალვის მოთხოვნებს. ნორმები ასევე არღვევს შემოქმედების თავისუფლებას, რადგან შემოქმედების მხოლოდ კონკრეტული შინაარსითა და კონკრეტულ დროს საზოგადოებამდე მიტანის შესაძლებლობას აძლევს მის ავტორებს“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

სარჩელი სასამართლოში ოთხი არხის სახელით შევიდა – „მთავარი არხი“, „ფორმულა“, ტელეკომპანია „კავკასია“ და „ტელეკომპანია პირველი“, ასევე, სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ შემოქმედებითი ჯგუფი (ქეთი დევდარიანი, გიორგი ლიფონავა და ირაკლი საღინაძე).

„კანონში გამოყენებული ტერმინები, იმდენად ფართო და ბუნდოვანია, რომ კომუნიკაციების კომისიას შესაძლებლობას აძლევს, სუბიექტური შეხედულებით გადაწყვიტოს, რა გაუშვას მაუწყებელმა ეთერში და რა – არა. მსგავსი საკანონმდებლო ჩარჩო მაუწყებლებს მათი ეთერის შინაარსის განსაზღვრისას იმდენად დამოკიდებულს ხდის კომუნიკაციების კომისიაზე, რომ ატარებს ცენზურის მაკორექტირებელ ეფექტს და ეწინააღმდეგება ცენზურის დაუშვებლობის აბსოლუტურ ხასიათს“, – ნათქვამია განცხადებაში.