„ფორმულადან" გათავისუფლებულმა ოპერატორმა შრომითი დავა მოიგო - SJC

პუბლიკა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ინფორმაციით, ტელეკომპანია „ფორმულადან” გათავისუფლებულმა ოპერატორმა, გიორგი ჯიბღაშვილმა შრომითი დავა მოიგო – მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ტელეკომპანიის გადაწყვეტილება სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია.

„სასამართლომ, გათავისუფლების ბრძანებასთან ერთად, უკანონოდ ცნო ტელეკომპანია „ფორმულას“ ბრძანებები ჯიბღაშვილისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ და მოპასუხე ტელეკომპანიას მოსარჩელისთვის კომპენსაციის და გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, განაცდურის სახით, ხელფასის ოდენობის თანხის გადახდა დააკისრა”, – ნათქვამია განცხადებაში.

„ფორმულაში“ დასაქმებული საინფორმაციო სამსახურის ოპერატორები გასული წლის დასაწყისში გაიფიცნენ. დასაქმებულები ორგანიზაციასთან საუბრისას აცხადებდნენ, რომ მათი შრომის ანაზღაურება, შრომის სპეციფიკისა და ქვეყანაში არსებული ინფლაციის ფონზე, ადეკვატური არ იყო.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის” განცხადებით, გარდა ამისა, დასაქმებულები უთითებდნენ, რომ სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით, ხშირად უწევდათ არანორმირებულ რეჟიმში, გვიანობამდე მუშაობა.

„ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის ოპერატორები 31 იანვარს გაიფიცნენ, რის შემდეგაც, 3 თებერვალს ტელეკომპანიამ ისინი სამსახურიდან გაათავისუფლა. ოპერატორების გაფიცვას გამოეხმაურა ტელეკომპანია „ფორმულა“ – კომპანიის განცხადებით, ოპერატორებმა მოითხოვეს ხელფასის დაუყოვნებლივ გაზრდა 500 ლარით, ადმინისტრაციამ კი მათ განუცხადა, რომ ახლა ანაზღაურების მატება შეუძლებელი იყო.

„ფორმულას“ განცხადებით, მას შემდეგ, რაც ოპერატორებმა ხელმძღვანელობის პოზიცია მოისმინეს, დიალოგის გაგრძელება აღარ ისურვეს და მეორე დღიდანვე, 1 თებერვლიდან უარი თქვეს მოვალეობების შესრულებაზე, რის გამოც, ტელევიზიის ფუნქციონირებას შეექმნა საფრთხე.

ტელეკომპანიის განცხადებით, არხის ხელმძღვანელობა 3 თებერვლის ჩათვლით ცდილობდა მათთან მოლაპარაკებას, მაგრამ უშედეგო მცდელობების შემდეგ, იმის გამო, რომ ოპერატორებმა დაარღვიეს შრომითი ხელშეკრულება და საფრთხე შეუქმნეს ტელეკომპანიის ფუნქციონირებას, მათთან კონტრაქტები გაწყვიტეს.

„სოციალურ სამართლიანობის ცენტრში” აღნიშნავენ, რომ სამსახურიდან გათავისუფლებიდან მალევე, გიორგი ჯიბღაშვილმა სასამართლოს მიმართა, ხოლო გუშინ საქალაქო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება გათავისუფლების უკანონოდ ცნობის შესახებ – ჯიბღაშვილის ინტერესებს სასამართლოში სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავდა.