„ფორმულას“ ცნობით, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში სუსის გამომძიებელი ფიგურირებს

პუბლიკა

„ტელეკომპანია „ფორმულას“  ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში სუსის გამომძიებელი, გიორგი მუმლაძე ფიგურირებს“ – ამის შესახებ ინფორმაციას და ვიდეოკამერების ჩანაწერებს ტელეკომპანია ავრცელებს.

„ფორმულას“ ცნობით, ერთ-ერთი პირი, რომელიც ამ კადრებში ჩანს სუსის გამომძიებელი გიორგი მუმლაძეა. მათივე ინფორმაციით,  გიორგი მუმლაძე სუსის უფროსის მოადგილის, ლევან ახობაძის ნათლულია. „ფორმულაში“ ამბობენ, რომ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმას სწორედ ლევან ახობაძე კურირებდა.

„გიორგი მულაძე მუშაობდა შსს-ში და რამდენიმე თვეა, რაც სუსის ქალაქის გამომძიებლად გადაიყვანა მისმა ნათლიამ, ლევან ახობაძემ, რომელიც 2022 წლიდან სუსის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილის თანამდებობას იკავებს. გიორგი მუმლაძე, რომელიც მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში მონაწილეობს, ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია, რადგან, როდესაც მიშა მშვილდაძე დელისიდან გამოდის, მას მიჰყვება და  თავდასხმის პროცესს ბოლომდე ესწრება. ყველაზე ბოლოს ის და მისი მეწყვილე ტოვებენ ვაჟა-ფშაველას გამზირს“, – ამბობენ ტელეკომპანიაში.

როგორც ტელეკომპანიაში ამბობენ, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმა ორგანიზებულია და სასწრაფო რეაგირებას მოითხოვენ შესაბამისი ორგანოებისგან.