„ფორმულას“, „მთავარი არხის“ და „ტვ პირველის“ განცხადება დაუსაბუთებელია - კომუნიკაციების კომისია

პუბლიკა

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შეფასებით, ტელეკომპანია „ფორმულას“, „მთავარი არხისა“ და „ტვ პირველის“ განცხადება კომუნიკაციების კომისიის მიერ „ქართული ოცნების“ საჩივრის წარმოებაში მიღებასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კომუნიკაციების კომისიის ყველა გადაწყვეტილება კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაშია, შესაბამისად, „არგუმენტს მოკლებულია, რომ კომისიის გადაწყვეტილებები საფრთხეს უქმნის მედიის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.“

საქმე ეხება სამაუწყებლო რეკლამის კანონიერების საკითხს, რასაც არაფერი აქვს საერთო გამოხატვის თავისუფლებასთან. სამაუწყებლო რეკლამის ეთერში განთავსებას კანონის მიხედვით მკაფიო წესები აქვს, რომლებიც მაუწყებლებმა კარგად იციან. დავაში ჩართული ტელევიზიების წარმომადგენლები აპელირებენ, რომ სადავოდ გამხდარი ვიდეო-რგოლი განეკუთვნება სოციალურ და არა პოლიტიკურ რეკლამას, რომლის განხილვაც კომუნიკაციების კომისიის კომპეტენციას სცილდება. კანონმდებლობის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამის განთავსების მართლზომიერების გადაწყვეტა კომუნიკაციების კომისიის კომპეტენციაა, შესაბამისად, როგორც სოციალური რეკლამის, ისე პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსების საკითხი სწორედ კომუნიკაციების კომისიის განსახილველია. გამომდინარე იქიდან, რომ სოციალური და პოლიტიკური რეკლამა კომისიის საზედამხედველო არეალშია, არ არსებობდა სადაო ვიდეო-რგოლთან დაკავშირებით საჩივრის დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

რაც შეეხება ვიდეო-რგოლის შინაარსობრივ განხილვას, კანონმდებლობის თანახმად, მაუწყებლის წინააღმდეგ საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას და იღებს გადაწყვეტილებას მხოლოდ საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ. დავაში ჩართულ მაუწყებლებს კარგად მოეხსენებათ, რომ კანონმდებლობის მიხედვით, დავის არსებითად განხილვა – ვიდეო-რგოლის შინაარსობრივი შეფასება და მისი ეთერში განთავსების მართლზომიერების საკითხის გადაწყვეტა არ ხდება კომუნიკაციების კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე. კომუნიკაციების კომისიამ მოსამზადებელი სხდომის ფორმატში დაადგინა, რომ სადავო იყო მაუწყებლების მიერ რეკლამის განთავსების კანონიერების საკითხი. კანონის შესაბამისად, კომუნიკაციების კომისია არსებითი განხილვის ფორმატში შეაფასებს უშუალოდ სადავო ვიდეო-რგოლის შინაარსს, განსაზღვრავს მის კატეგორიას და მხოლოდ ამის შემედგ მიიღებს გადაწყვეტილებას რეკლამის ეთერში განთავსების კანონიერებასთან დაკავშირებით“. – წერია განცხადებაში.

12 აგვისტოს ტელეკომპანია „ფორმულა“, „TV პირველი“ და „მთავარი არხი“ კომუნიკაციების კომისიაში მათ წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ მიერ შეტანილ საჩივარს გამოეხმაურნენ. მათი შეფასებით, მმართველი გუნდის მიზანი სარედაქციო პოლიტიკის გამო მათი დასჯა და მძიმე ფინანსური სანქციების დაკისრებაა.

საქმე ეხება 2022 წლის 8 აგვისტოს კომუნიკაციების კომისიაში პარტია „ქართული ოცნების“ მიერ შეტანილ განცხადებას,  „ფორმულას“, „მთავარი არხისა“ და „ტვ პირველის“ სამართალდამრღვევად ცნობის მოთხოვნით, 23-24 ივნისს „შინ ევროპისკენ“ კლიპის გაშვების გამო.

LB loan image desktop LB loan image mobile