„ფორმულასა“ და „TV პირველში“ ამბობენ, რომ მათ გადამღებ ჯგუფებს ფარცხალაძის დაცვა თავს დაესხა

პუბლიკა

ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, აშშ-ის მიერ დასანქცირებული ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დაცვა „შაბათის ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდა. ამის შესახებ გადაცემის წამყვანმა დავით ქაშიაშვილმა ისაუბრა.

„ოთარ ფარცხალაძის სახლთა სანამ მივიდოდნენ, ფიზიკურ შეხლა-შემოხლასაც ჰქონდა ადგილი. იმდენად დაიძაბა სიტუაცია, რომ საბოლოოდ სასწრაფო დახმარების გამოძახების გახდა საჭირო, იმიტომ, რომ დაზიანება აქვს მარიამს თავზე”, თქვა დავით ქაშიაშვილმა.

„ფორმულა“ ავრცელებს ჟურნალისტი კომენტარს. ის ამბობს, რომ დაცვის გაღიზიანება ფარცხალაძის ადგილსამყოფელის შესახებ დასმულმა კითხვამ გამოიწვია.

„ვმუშაობდით რეპორტაჟზე, რომელიც შაბათის ფორმულას ეთერში უნდა გავიდეს შაბათს და ვცდილობდით, რომ ოთარ ფარცხალაძის დაცვისთვის დაგვესვა კითხვები, იმყოფებოდა თუ არა აქ ოთარ ფარცხალაძე. მხოლოდ ეს კითხვა გვქონდა. ამან დაცვის წევრების გაღიზიანება გამოიწვია. პირველ რიგში, ოპერატორებზე მოხდა ძალადობა. მინდოდა, დამეცვა ჩვენი ოპერატორი და ტექნიკა და სწორედ ამ დროს შუბლის არეში მომაყენეს დაზიანება”, – ამბობს „შაბათის ფორმულას„ ჟურნალისტი.

„TV პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი და „მელაძის შაბათის“ წამყვანი ნოდარ მელაძე წერს, რომ ოთარ ფარცხალაძის დაცვა თავს დაესხა მათ გადამღებ ჯგუფსაც.

„ოთარ ფარცხალაძის დაცვა თავს დაესხა შაბათის ეთერის გადამღებ ჯგუფს, წაართვა სამაუწყებლო აპარატურა რომელსაც ამ დრომდე არ აბრუნებს.

„შაბათის ეთერის“ აეროგადაღების კამერის დანახვის შემდეგ, ისინი თავდასხმაზე გადავიდნენ, წაართვეს ტელეფონი ჩვენს ჟურნალისტს მარიამ გაფრინდაშვილს. სავარაუდოდ ცდილობდნენ მობილურიდან, მისი პირადი ინფორმაციის და ტელეფონში შენახული კადრების მოპოვებას, “- წერს ის. 

ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ. ის მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, დაუყოვნებლივ მისცენ პასუხისგებაში ტელეკომპანიების გადამღებ ჯგუფებზე თავდამსხმელები.