„ფორმულაზე" ია ფარულავასა და თათია შარანგიას გადაცემები იხურება

პუბლიკა

ტელეკომპანია „ფორმულაზე” ია ფარულავასა და თათია შარანგიას გადაცემები იხურება, – ამის შესახებ სოციალურ ქსელებში თავად წამყვანები აცხადებენ.

როგორც ია ფარულავა facebook-ზე წერს, არხის სტრატეგია იცვლება და გასართობი გადაცემები იხურება.

„გადაცემა „მოდი ვილაპარაკოთ ია ფარულავასთან ერთად” „ფორმულაზე” იქნება თებერვლის ბოლომდე. არხის სტრატეგია იცვლება და გასართობი გადაცემები იხურება. დიდი მადლობა ვინც მუშაობდა ჯერ „ია ფარულავას კონვერტზე” და შემდეგ ამ ახალ პროექტში, სადაც მაყურებელს უფრო მოვეწონე. დიდი მადლობა არხის ხელმძღვანელობას. წარმატებებს ვუსურვებ არხს და იცოდეთ, არცერთი წუთით არ მწყდება გული, რადგან ასეთია ეს ბიზნესი”, – წერს გადაცემის წამყვანი facebook-ზე.

თათია შარანგია, რომელსაც არხზე გადაცემა „სთორი” მიჰყავდა, ამბობს, რომ მისი და „ფორმულას” თანამშრომლობა დასრულდა და რომ „სთორი” „ფორმულას” ეთერში აღარ გავა.

გადაცემების დაღურვაზე არხის განმარტების გავრცელების შემთხვევაში „პუბლიკა” მას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.


შეგახსენებთ, რომ 19 იანვარს ასევე ცნობილი გახდა, რომ ტელეწამყვანმა ნიკა არაბიძემ „კომედი ჯგუფი” დატოვა.

„სწორედ ამ მიზეზით, „ნიკა არაბიძის შოუ“, რომელსაც C Corporation-ი ტელეკომპანია „ფორმულასთვის” ამზადებდა, ეთერში აღარ გავა”, – ვკითხულობთ C Corporation-ის ადმინისტრაციის განცხადებაში.