ForSet-ის კვლევა: თაობა Z-ის უმეტესობა ევროპულ ინტეგრაციას უჭერს მხარს

პუბლიკა

ორგანიზაცია „ფორსეტმა” ჩაატარა კვლევა, რომლის მიზანიც იყო, გამოეკვლიათ თაობა Z-ს პოლიტიკური საჭიროებები და ღირებულებები საქართველოში. 

კვლევის მიხედვით, თაობა Z-ის უდიდესი ნაწილის ზოგადი პოლიტიკური ინტერესები გამოკვეთილი და აშკარაა. თაობა Z-ის უმეტესობა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას მხარს უჭერს, ხოლო სამი მეოთხედის აზრით, დემოკრატია მმართველობის საუკეთესო ფორმაა.

გამოკითხულთა 48 % ფიქრობს, რომ „საქართველოში ამჟამად არ არის დემოკრატია”. 

ათიდან შვიდ ახალგაზრდას მიაჩნია, რომ ხელისუფლების სამოქმედო გეგმა საკმარისი არაა იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს, ქვეყანაში დემოკრატიის ახლანდელ მდგომარეობას კი ნახევარიც არ აფასებს დადებითად.

გამოკითხულთა 72% ფიქრობს, რომ „საქართველოს მთავრობა ხელს უშლის/ საკმარისს არ აკეთებს/არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს”. 

ფოკუსჯგუფის დისკუსიებზე დაყრდნობით, პოლიტიკურ კონტექსტში, თაობა Z-ს ყველაზე მეტად ხელისუფლების მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის პრინციპიდან გადახვევა აწუხებს.

კვლევაში ვნახულობთ, რომ თაობა Z-ისთვის მიუღებელია პარლამენტში წარდგენილი ზოგიერთი კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება დასავლურ პრინციპებს.

თაობა Z-ს აწუხებს ისიც, რომ ქვეყანა მკაფიოდ არ გამოხატავს პოლიტიკურ მიმართულებას მტრული სახელმწიფოს მიმართ და ამ მხრივ, ხაზს უსვამენ საქართველოში რუსულ მასობრივ მიგრაციას.

ამავე კვლევის მიხედვით, თაობა Z-ს ცოდნა პოლიტიკურ პარტიებზე, მათ საქმიანობასა და სამოქმედო გეგმაზე არის მწირი, თაობა მიიჩნევს, რომ პარტიებს არ გააჩნიათ კონკრეტული იდეოლოგია და ამ იდეოლოგიაზე დაფუძნებული კომუნიკაცია.

„თაობა Z ხმას ღირებულებებს აძლევს და არა – კონკრეტულ პარტიებს და ლიდერებს”, – წერია „ფორსეტის” განცხადებაში. 

კვლევის ავტორები დაინტერესდნენ, თაობა Z-ის პრობლემებით, კვლევის მიხედვით, მათ მიერ დასახელებული პრობლემები ძირითადად დასაქმებას, ეკონომიკურ მდგომარეობასა და განათლების სისტემას შეეხება.

პრიორიტეტულ საკითხებს შორის შიდა პოლიტიკური დაძაბულობა, ტერიტორიული მთლიანობა და მეზობელ ქვეყნებთან კონფლიქტიც დასახელდა.

ფოკუსჯგუფების მონაწილეები მიიჩნევენ, რომ განათლების სისტემა დაშორებულია შრომის ბაზრის საჭიროებებს, განსაკუთრებით ტექნოლოგიური უნარ-ჩვევების გამომუშავების მიმართულებით. ზოგიერთი მათგანის აზრით, ბოლოდროინდელი რეფორმები, „ახალი სკოლის მოდელის“ 13 დანერგვასთან დაკავშირებით, ნაჩქარევი იყო და არ შეესაბამებოდა საქართველოს განათლების სექტორისა და დასაქმებული პირების მზაობას.

 

კვლევის მეთოდოლოგია

პუბლიკაციის მეთოდოლოგია კვლევის სხვადასხვა მეთოდს მოიცავს. სტატისტიკური მონაცემები სამ ძირითად გამოკითხვას ეყრდნობა (CRRC, FES, NDI), ხოლო გამოკითხულთა ასაკი 18-26 ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით დაჯგუფდა. აგრეთვე, თვისებრივი მონაცემების შესაგროვებლად, 2023 წლის დეკემბერსა და 2024 წლის იანვარი-თებერვლის პერიოდში, ჩატარდა სამი ფოკუსჯგუფი, რომლებშიც თაობა Z-ის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.