ფოთის „ოცნების“ მერობის კანდიდატი ნიკა გვარამიას სასამართლოში უჩივის

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ფოთის მერობის კანდიდატი, ბექა ვაჭარაძე ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს. ამის შესახებ ბექა ვაჭარაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, „მთავარ არხზე“ გაჟღერდა ცრუ ინფორმაცია მისი აგენტობის შესახებ. ის მოითხოვს ინფორმაციის უარყოფასა და მორალური ზიანისთვის 55 555 ლარის ანაზღაურებას.

„შევიტანეთ სარჩელი ნიკა გვარამიასა და „მთავარი არხის“ წინააღმდეგ, იმ დეზინფორმაციის შესახებ, რომელიც ემსახურებოდა ჩემი ღირსებისა და პატივის შელახვას. საქმე ეხება „მთავარ არხზე“ გაჟღერებულ ცრუ ინფორმაციას ჩემი აგენტობის შესახებ. ვითხოვთ, იმავე გადაცემაში მოხდეს ამ ინფორმაციის უარყოფა და ასევე, მორალური ზიანისთვის ვითხოვთ 55 555 ლარის ანაზღაურებას, რომელიც გადაეცემა საქველმოქმედო ფონდს. ვიცით, რომ სხვა კანდიდატებთან მიმართებაშიც გაჟღერდა მსგავსი ინფორმაცია, რაც საბოლოო ჯამში, „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ემსახურება“, – განაცხადა ბექა ვაჭარაძემ.

მანამდე, 20 ოქტომბერს ქუთაისის მერობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“ იოსებ ხახალეიშვილმა გამართა ბრიფინგი, სადაც განაცხადა, რომ ის სასამართლოში უჩივის ტელეკომპანია „მთავარ არხს“, მის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას. ხახალეიშვილი აცხადებდა, რომ საჩივრის მიზეზი ცილისმწამებლური მასალის მომზადება და გავრცელება გახდა.