ფოტო | პროტესტის მე-10 და შიმშილობის მე-4 დღე ჭიათურაში - ქალაქის ქუჩებში მსვლელობაა

პუბლიკა

პროტესტის მე-10 და შიმშილობის მე-4 დღე ჭიათურაში. 10 მაღაროელი საკვების მიღებაზე ისევ უარს აცხადებს. მათი თქმით, შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი” დათმობებზე არ წავიდა.

3000-ზე მეტი მაღაროელი ჭიათურის ქუჩებში ყოველდღიურად მსვლელობას მართავს. ისინი ხელფასების გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და შრომის უსაფრთხოების დაცვას მოითხოვენ.

  • BeFunky-collage - 2023-06-15T142419.283
  • BeFunky-collage - 2023-06-15T142503.204
  • BeFunky-collage - 2023-06-15T142539.215
  • BeFunky-collage - 2023-06-15T142729.886
  • BeFunky-collage - 2023-06-15T142821.418
  • 01 /

მაღაროელების სხვა მოთხოვნებს შორისაა: ძველი სამუშაო გრაფიკის დაბრუნება, ტექნიკის განახლება, ბიულეტენით სარგებლობის უფლება, ქალაქის ეკოლოგიური საკითხის მოწესრიგება, სადაზღვევო კომპანიის შეცვლა, საპენსიო დანაზოგის გაუქმება, საშემოსავლო გადასახადის შემცირება და სხვა. საერთო ჯამში, მათ 14 მოთხოვნა აქვთ.

„ჯორჯიან მანგანეზსა“ და დასაქმებულებს შორის მოლარაკებებში ჩართულია მედიატორი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერაა გაგზავნილი. მედიატორი მშრომელებს 12 ივნისს შეხვდა. მაღაროელებმა მას დეტალურად გააცნეს ყველა მოთხოვნა და პრობლემა, რაც გააჩნიათ. გარდა ამისა, მედიაციის პროცესში ჩართულები არიან შრომის ინსპექციის წარმომადგენლები და სახალხო დამცველის აპარატი.

„ჯორჯიან მანგანეზი“ კი აცხადებს, რომ საერთაშორისო ბაზარზე ფეროშენადნობებზე შემცირებული მოთხოვნისა და დაბალი ფასების გამო დღის წესრიგში დადგა ახალ სამუშაო გრაფიკზე გადასვლა.

8 ივნისს, კომპანიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ დასაქმებულთა ხელფასის გადახდას ბანკებიდან აღებული კრედიტებით ახერხებს.