ფოტო | ქუთაისში ნამახვანჰესის წინააღმდეგ კიდევ ერთი აქცია გაიმართა

პუბლიკა

„ქუთაისი საფრთხეშია“ – ქუთაისში ნამახვანის ჰესის წინააღმდეგ კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივი მოსახლეობა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. მათი თქმით, ნამახვანის ჰესი სერიოზულ საფრთხეს უქმნის მთელ რეგიონს.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ მათი მოთხოვნაა, შეჩერდეს ნამახვანში ჰესის სამუშაოები და კომპანიამ ადგილიდან გაიყვანოს სამშენებლო ტექნიკა. ის აღნიშნავს, რომ ეს მოსახლეობას საფრთხეს უქმნის და სწორედ ამიტომ იმართება აქციაც.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელი დათო ჭიპაშვილი ამბობს, რომ ისინი უერთდებიან იმ პროტესტს, რომელსაც დღეს ადგილობრივი მოსახლეობა აწყობს.

„ჩვენ სრულად ვიზიარებთ ადგილობრივი მოსახლეობის პოზიციას ამ მიმართულებით და ვთვლით, რომ ამ პროექტის საჭიროება დასაბუთებული არ არის. არ არის დასაბუთებული, რატომ არის საჭირო ამხელა სარისკო პროექტის განხორციელება“, – ამბობს ჭიპაშვილი.

ფოტო: „მწვანე ალტერნატივა“
ფოტო: „მწვანე ალტერნატივა“
ფოტო: „მწვანე ალტერნატივა“
ფოტო: „მწვანე ალტერნატივა“
ფოტო: „მწვანე ალტერნატივა“

ნამახვანის ჰესის შესახებ:

მდ. რიონზე (წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტები) დაგეგმილია ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობა. პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია 2-საფეხურიანი ჰესების კასკადის მოწყობა. თითოეულ საფეხურზე მოეწყობა კაშხალი, წყალსაცავი, წყალგამტარი გვირაბები, ჰესის შენობა, ქვესადგური და ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ნამახვანის ჰესების პროექტი  433 მეგავატის სიმძლავრის ჰესების კასკადს წარმოადგენს და ორ მაღალკაშხლიან რეზერვუარს მოიცავს. მისი განხორციელება გამოიწვევს 610 ჰა ტერიტორიის დატბორვას და, გარემოსთვის შექმნილ სხვა საფრთხეებთან ერთად,  გაქრობით ემუქრება ყურძნის უნიკალური ჯიშის – ტვიშის მიკროზონას.

ამავე თემაზე:

► რატომ არაა რაჭაში მართებული ჰესების აშენება – WWF-ის 4 არგუმენტი;

► ნამახვან ჰესის კასკადი და შეშფოთების მიზეზები – გახარიას ღია წერილით მიმართავენ;

► ნამახვანის ჰესების პროექტზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ბათილად ცნობას მოითხოვენ.