ნამახვან ჰესის კასკადი და შეშფოთების მიზეზები – გახარიას ღია წერილით მიმართავენ

პუბლიკა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი მთავრობას „ნამახვან ჰესის კასკადის“ პროექტზე წერილით მიმართავს და აღნიშავს, რომ ჰესების კასკადზე მომზადებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში გეოტექნიკური კვლევების კუთხით ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

ისინი წერილში საფრთხის შემცველ ფაქტორებზე საუბრობენ და სეისმური საფრთხის კუთხით მთავრობას პროექტირებამდე აუცილებლად  ჩასატარებელი სამუშაოების აღწერას აწვდიან.

წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ოპერირებს ქვეყნის ნაციონალურ სეისმურ და გეოდეზიურ ქსელს.

ჩვენ ვქმნით სეისმურ, გეოფიზიკურ და გეოლოგიურ მონაცემთა ბაზას, ამ მონაცემთა ინტერპრეტაციისა და თანამედროვე გამოთვლების საფუძველზე იქმნება სეისმური საშიშროების რუკა. თანამედროვე სტანდარტების მიხედვით, რუკა აუცილებლად უნდა განახლდეს ყოველ 5 წელიწადში, ვინაიდან მეცნიერება ვითარდება და ახალი მონაცემები ახალ შედეგებს განსაზღვრავს. 2019 წელს ჩვენ ოფიციალურად გადავეცით ქვეყანას ახალი სეისმური საშიშროების რუკა, რომელიც შევქმენით აშშ-ს ენერგიის დეპარტამენტის დაფინანსებით. ჩვენ ვიმუშავეთ ამერიკელ, კანადელ, უნგრელ, თურქ, სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად.

სეისმური საშიშროების რუკა განსაზღვრავს ქვეყნის სეისმომედეგ პოლიტიკას. დიდი სამშენებლო, სტრატეგიული ობიექტების სწორი სეისმური პარამეტრით პროექტირება ქვეყნის უსაფრთხოების განმსაზღვრელი ფაქტორია და ქვეყნის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე მას დიდი ყურადღება უნდა ექცეოდეს. განვითარებადი  ქვეყნებისათვის ბუნებრივი კატასტროფებით მიყენებული ზარალი მნიშვნელოვნად ასუსტებს მის ეკონომიკას. დანაკარგის ასანაზღაურებლად ხშირად მრავალი წელია საჭირო, რომ არაფერი ვთქვათ ადამიანთა მსხვერპლზე.  გავიხსენოთ უახლოესი ისტორიიდან დევდორაკის, ვერეს და მესტია-ჭალის მოვლენები. ყველა ამ შემთხვევამ დაადასტურა, რომ ადამიანი უნდა სწავლობდეს გარემოს და მოერგოს მას, რათა ნაკლები ზარალი და მსხვერპლი იწვნიოს.

ჩვენს წერილში, თქვენი ყურადღება გვსურს შევაჩეროთ ნამახვან ჰესის კასკადის პროექტზე. ტერიტორია წარმოადგენს გაგრა-ჯავის ტექტონიკური რღვევის სეისმურად აქტიურ უბანს. აქედან გამომდინარე, მისი სტრუქტურის დეტალური გეოლოგიური და გეოფიზიკური მეთოდებით შესწავლა მნიშვნელოვანია ნებისმიერი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის დაგეგმვისა და განხორციელებისათვის.

გაგრა-ჯავის რღვევის რაჭის სეგმენტზე 1991 წლის 29 აპრილს მოხდა ინსტურმენტულ პერიოდში რეგისტრირებული კავკასიის ყველაზე დიდი რაჭის მიწისძვრა მაგნიტუდით M=7. რაჭის სეგმენტი დღემდე სეისმურად აქტიურია. საკვლევ ტერიტორიაზე გვხვდება მეწყრული კერები. ტენიანობის გაზრდისა და დიდი მიწისძვრის შემთხვევაში ხდება მეწყრული კერების გააქტიურება. ამის ნათელი მაგალითი იყო რაჭის მიწისძვრის დროს განვითარებული ხახიეთის მეწყერი, რომელმაც 2 სოფელი მთლიანად დაფარა. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, მოსახლეობისა და ქვეყნის უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანია პროექტის განხორციელებამდე დეტალური სამეცნიერო კვლევის ჩატარება და უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური გათვალისწინება. ტერიტორიაზე უხვადაა კარსტული უბნები, რაც დეტალურ შესწავლას მოითხოვს წყალსაცავის ეფექტურობის ვალიდაციისათვის. ტერიტორიის გეოლოგიური და ტექტონიკური აგებულების დასაზუსტებლად მნიშვნელოვანია კომპლექსური, თანამედროვე სტანდარტების კვლევის ჩატარება.

გავეცანით პროექტისათვის შექმნილ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს, რომელიც გეოტექნიკური კვლევების კუთხით ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ვესაუბრეთ „ენკას“ წარმომადგენელს. მანამდე გვქონდა კომუნიკაცია პროექტში ჩართულ სხვადასხვა კომპანიებთან.  საკითხის მოცულობიდან გამომდინარე, რთულია საფრთხის შემცველ ყველა ფაქტორზე ინფორმაციის ერთ წერილში თავმოყრა. ვეცდებით ერთი კონკრეტული პარამეტრით აღვწეროთ ჩვენი შეშფოთების მიზეზი:

პროექტთან დაკავშირებულ წყალტუბოს შეხვედრაზე დაადასტურა „ენკას“ წარმომადგენელმა, რომ გრუნტის მაქსიმალური ჰორიზონტალური აჩქარება 0.3 g არის მიღებული ნამახვანის კასკადისათვის. ეს პარამეტრი აღწერს ძალას, რომლითაც გრუნტი მოქმედებს ნაგებობაზე მიწისძვრის დროს, სხვა სიტყვებით: ნაგებობის კონსტრუქციამ შესაძლებელია გაუძლოს ამ ზომის დატვირთვას. გაგრა-ჯავის რღვევის ლეჩხუმის სეგმენტსაც მიწისძვრის იგივე პოტენციალი აქვს, რაც რაჭის სეგმენტს გააჩნია. უბრალოდ, გაგრა-ჯავის რღვევას, სეგმენტური გააქტიურება ახასითებს გარკვეული პერიოდულობით. მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, რაჭის მიწისძვრის სიდიდის მიწისძვრა ლეჩხუმშიც შესაძლებელია მოხდეს, მაგნიტუდით M=7. მოდით რაოდენობრივად შევაფასოთ, რას ნიშნავს ეს. რაჭის მიწისძვრის დროს 1991 წელს ინსტრუმენტულად რეგისტრირებული 3  მაისის მომყოლი მიწისძვრით გამოწვეული გრუნტის მაქსიმალური ჰორიზონტალური აჩქარება არის 0.5g. (იხილეთ დანართი). ნებისმიერ მეცნიერს, თუ დაინტერესებულ პირს შეუძლია მოიპოვოს ეს მასალა. მომყოლი მიწისძვრის მაგნიტუდა იყო M=5.5. მომყოლი მიწისძვრის რეგისტრაცია მოხდა დროებითი შვეიცარული აქსელეროგრაფების ქსელის მიერ. მთავარი ბიძგის დროს კი ხელსაწყოები არ იყო დამონტაჟებული. მთავარი ბიძგის მაგნიტუდა იყო M=7. მაგნიტუდა 7 მიწისძვრა 32-ჯერ დიდია, ვიდრე მაგნიტუდა 5.5 მიწისძვრა. მაგნიტუდა 7 მიწისძვრის დროს 178 ჯერ მეტი ენერგია გამოიყოფა, ვიდრე 5.5 მიწისძვრის დროს, სხვა სიტყვებით: მაგნიტუდა 5.5-ის მქონე 178 მიწისძვრა უნდა მოხდეს, რომ გამოყოფილი ენერგია გაუთანაბრდეს მაგნტუდა 7 მიწისძვრის დროს გამოყოფილ ენერგიას. ამ დანაკვირვები რეალობის პირობებში „ენკა“ გვთავაზობს სტრატეგიული ობიექტის მშენებლობას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ 0.3g დატვირთვას გაუძლებს. რეგიონისათვის დამახასიათებლი სუსტი გრუნტების პირობებში 0.3g აჩქარება შესაძლებელია საშუალო სიძლიერის მაგნიტუდა 5 მიწისძვრამაც გამოიწვიოს. ასეთი გაცხადებული რისკის პირობებში საფრთხის ქვეშ დგება ადგილობრივი მოსახლეობა და მთლიანად ქვეყანა.

მსგავსი პრობლემები აქვს ძალიან ბევრ სამშენებლო ობიექტს. გეოტექნიკური კვლევების ასეთი ხარისხი ხშირად შემსრულებელთა კომპეტენციის, ან დამკვეთისა და შემსრულებლის არაკეთილსინდისიერების ბრალია. შედეგად ზიანდება ქვეყანა და მოსახლეობა. უმორჩილესად გთხოვთ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გახადოთ ზედმიწევნით გამჭვირვალე გეოტექნიკურ კვლევებთან დაკავშირებული პროცესი. აუცილებელია ხელმისაწვდომი გახდეს ყველა კვლევა, დასახელდეს ავტორები,  მონაცემთა წყარო და სანდოობის ხარისხი. გახდეს განხილვის საგანი კვლევების რელევანტურობა და შეამოწმონ არსებული კვლევები ექსპერტებმა და კომპანიებმა, რომელთაც დარგის საერთაშორისო სტანდარტის სერთიფიკატი აქვთ. მაგალითად, მსგავს პროექტებს კანადაში რამდენიმე უწყება აფასებს, ამოწმებს, ხდება რისკის სკურპულოზური დათვლა, რათა მაქსიმალურად უსაფრთხო გახადონ ნაგებობა. არსებობს სამშენებლო ნორმები, რომელიც ამ პროცესს არეგულირებს. ჩვენს ქვეყანას ასეთი ობიექტების მშენებლობისათვის ეროვნული დანართი და ოფიციალური საკანონმდებლო ბაზა არ გააჩნია, რაც გასაქანს აძლევს ბევრ არაკეთილსინდისიერ ექსპერტსა თუ კომპანიას არასწორი ქმედებისაკენ.

და ბოლოს, გაწვდით პროექტირებამდე აუცილებლად  ჩასატარებელი სამუშაოების აღწერას სეისმური საფრთხის კუთხით, რაც მხოლოდ ნაწილია გეოტექნიკური კვლევებისა. სამწუხაროდ, ასეთი ხარისხის კვლევა ობიექტზე არ ჩატარებულა. კონკრეტული პროექტის საკვლევი ტერიტორიისათვის (წერტილში სეისმური საფრთხის შეფასება) აუცილებელია შეიქმნას აქტიური სეისმური სტრუქტურების ახალი სქემა და ასევე, გრუნტის მაქსიმალური აჩქარების დაცხრომის ახალი მოდელი. დაძიებულ იქნას ფონდური მასალები და დაბალი მაგნიტუდებისათვის თავიდან მოხდეს მიწისძვრათა რელოკაცია. შეიქმნას  ტერიტორიისათვის მიწისძვრების გაუმჯობესებული, ლოკალური კატალოგი. ნებისმიერი დიდი ზომის წყალსაცავის ავსებას მოჰყვება აღძრული სეისმურობა. საბჭოთა კავშირის დროს ენგურის კაშხალს ემსახურებოდა დამოუკიდებელი ლოკალური სეისმური ქსელი და სამეცნიერო განყოფილება, რომელიც კაშხლის სეზონურ მიკროსეისმუობას სწავლობდა. სასწრაფოდ უნდა დამონტაჟდეს ლოკალური ქსელი საკვლევ ტერიტორიაზე, რათა მოხდეს არსებული ლოკალური მიწისძვრების მონიტორინგი.  მიკროსეისმურობა თავისთვად უნდა განვიხილოთ როგორც პასიური წყარო სეისმური ტომოგრაფიისათვის. სეისმური ტომოგრაფია გვაძლევს საკვლევი ტერიტორიის აგებულების სამგანზომილებიან მოდელს. ეს მონაცემები აუცილებელია არსებული აქტიური მიკრო სეისმური სტრუქტურების დელინიზაციისათვის. ყველა ეს მონაცემი კი განსაზღვრავს ალბათური სეისმური საშიშროების შეფასების სანდოობის ხარისხს”, – ვკითხულობთ წერილში.

მდ. რიონზე (წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტები) დაგეგმილია ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებელობა.  პროექტით მიხედვით, გათვალისწინებულია 2-საფეხურიანი ჰესების კასკადის მოწყობა. თითოეულ საფეხურზე მოეწყობა კაშხალი, წყალსაცავი, წყალგამტარი გვირაბები, ჰესის შენობა, ქვესადგური და ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ნამახვანის ჰესების პროექტი  433 მეგავატის სიმძლავრის ჰესების კასკადს წარმოადგენს და მოიცავს ორ მაღალკაშხლიან რეზერვუარს. მისი განხორციელება გამოიწვევს 610 ჰა ტერიტორიის დატბორვას და, გარემოსთვის შექმნილ სხვა საფრთხეებთან ერთად,  გაქრობით ემუქრება ყურძნის უნიკალური ჯიშის – ტვიშის მიკროზონას.

LB loan image desktop LB loan image mobile