ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის საჯარო განხილვა უხეში დარღვევით ჩატარდა – NGO-ები

პუბლიკა

ორგანიზაციები – „მწვანე ალტერნატივა“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აცხადებენ, რომ ნამახვანის ჰესების კასკადის საჯარო განხილვა კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით ჩატარდა და მოითხოვენ მის გაუქმებას.

მათი ცნობით, 2019 წლის 20 დეკემბერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გამართა „წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, მდ. რიონზე ორსაფეხურიანი ჰესების კასკადის ექსპლუატაციის პირობების ცვლილების (ქვედა ნამახვანი) პროექტის“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა.

განცხადების მიხედვით, სამინისტრომ საჯარო განხილვა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში გამართა. ქალაქი წყალტუბო ზემოქმედების ქვეშ მყოფი სოფლებიდან დაახლოებით 50 კმ-ითაა დაშორებული.

„საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, „საჯარო განხილვა ტარდება დაგეგმილი საქმიანობის ადგილიდან ყველაზე ახლოს მდებარე სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე“. წყალტუბოში მოსახვედრად აღნიშნული პროექტის უშუალო ზემოქმედების ქვეშ მოქცეული მოსახლეობის დიდ ნაწილს, სულ მცირე, 2-3 საათი სჭირდება. ამ სოფლებიდან განხილვის ადგილამდე მისვლა საჯარო ტრანსპორტით შეზღუდულია“, – აცხადებენ ორგანიზაციები.

მათი თქმით, დაუშვებელია, რომ სამინისტრო საჯარო განხილვის ერთადერთ ადგილად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის შენობას მიიჩნევს, როცა უშუალოდ საპროექტო არეალის სოფლებში რამდენიმე ადმინისტრაციული შენობაა, მათ შორის, სკოლა და ბაღი, ხოლო დასწრების ინტერესი მაღალია.

„მიუხედავად იმისა, რომ საჯარო განხილვაზე იყვნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრების მოადგილეები, მათი თანდასწრებითაც გაგრძელდა დარღვევა. კერძოდ, ხელოვნური დაბრკოლებები შეექმნათ განხილვაზე დასწრებით დაინტერესებულ პირებს; დამსწრეებს შეკითხვების დასმის შესაძლებლობა არ მიეცათ; შეხვედრაზე  პასუხები არ გაეცა კრიტიკულ შეკითხვებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ არ წარმოადგინა პოზიცია პროექტთან დაკავშირებით და ვერ უპასუხა  მოსახლეობისა და ექსპერტების კონკრეტულ შეკითხვებს, პროექტის სოციალურ-ეკონომიკურ და გარემოსდაცვით ზემოქმედებასთან დაკავშირებით“, – აცხადებენ ორგანიზაციები.

მათი მოთხოვნებია:

1.  გააუქმოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების უხეში დარღვევებით ჩატარებული  საჯარო განხილვა;

2. „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსისა“ და „საჯარო განხილვის წესის“ შესაბამისად, უზრუნველყოს საჯარო განხილვების ხელახლა ჩატარება ზემოქმედების ქვეშ მყოფი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომ საჯარო სივრცეში.

3. „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსისა“ და ორჰუსის კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად, უზრუნველყოს პროექტების ზემოქმედების ქვეშ მყოფი მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული პირების გადაწყვეტილების მიღების პროცესში სათანადო ჩართულობა.

4. გაითვალისწინოს ევროპარლამენტის მიერ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებული რეზოლუციაც, სადაც ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლების ორგანოებს, „სრულად შეასრულონ ევროკავშირის სტანდარტები და ნორმები, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება დიდი ჰიდროელექტროსადგურების გარემოზე ზემოქმედების შეფასებას“; ასევე, 2018 წლის 14 ნოემბრის რეზოლუცია, სადაც  ევროპარლამენტმა მოუწოდა საქართველოს მთავრობას, გაზარდოს საზოგადოების მონაწილეობის ხარისხი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისას. უზრუნველყოს ჰიდროენერგეტიკული პროექტების შესაბამისობა ევროკავშირის სტანდარტებთან, რაც გარემოზე ზეგავლენის შეფასების პროცესის გამჭვირვალობასა და გადაწყვეტილების მიღებისას ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობას უზრუნველყოფს.

ორგანიზაციების შეფასებით, ნამახვანის ჰესების პროექტი  433 მეგავატის სიმძლავრის ჰესების კასკადს წარმოადგენს და მოიცავს ორ მაღალკაშხლიან რეზერვუარს. მისი განხორციელება გამოიწვევს 610 ჰა  ტერიტორიის დატბორვას და, გარემოსთვის შექმნილ სხვა საფრთხეებთან ერთად,  გაქრობით ემუქრება ყურძნის უნიკალური ჯიშის – ტვიშის მიკროზონას.

LB loan image desktop LB loan image mobile