ფოტო | საოკუპაციო ხაზთან ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

პუბლიკა

საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში ცხინვალის ციხეში პატიმრობაში მყოფი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება.

აქციის მონაწილეები თავდაპირველად თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ.

გაფრინდაშვილის ოჯახი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრასა და გაფრინდაშვილის საკითხზე უწყებათაშორისი კომისიის შექმნას ითხოვს.

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა საოკუპაციო ხაზთან თეთრი ბუშტები, თეთრი ხალათი და ქართულად და ოსურ ენაზე დაწერილი ტრანსფარანტი მიიტანეს;

„ოსო ექიმებო, ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ავადმყოფებზე და მიეცით ამის საშუალება ვაჟა ექიმს. მე დარწმუნებული ვარ, იქაც რომ  ჰქონდეს საშუალება ვაჟას, იქაც უანგაროდ დაეხმარება პაციენტებს, როგორც აქ ეხმარებოდა. გვინდა ეს თეთრი ხალათი გავუშვათ, რომ იქნებ გადალახოს მავთულხლართები და ვაჩვენოთ, რომ ექიმებს საზღვრები არ აქვთ, არც მშვიდობიანობის დროს და არც ომიანობის დროს“, – განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ.

13 დეკემბერს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში დატოვა.

ვაჟა გაფრინდაშვილმა ცხინვალის ციხეში უკვე თვეზე მეტი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს ექიმის გათავისუფლებისკენ საერთაშორისო საზოგადოებამ არაერთხელ მოუწოდა.

ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება იყო მთავარი საკითხი, რომელიც 10-11 დეკემბერს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისას განიხილეს. საქართველოსთან ერთად ეს ევროკავშირის, გაეროს, ეუთოსა და აშშ-ის წარმომადგენლებმაც მოითხოვეს.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი 9 ნოემბერს ახალგორის რაიონში დააკავეს.

ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ექიმს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

LB loan image desktop LB loan image mobile