ფოტო| სოფელ გუმათში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტებმა კარავი გაშალეს

პუბლიკა

სოფელ გუმათში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტებმა კარავი გაშალეს. აქტივისტთა ნაწილი, რომელთაც პოლიცია სოფელ ნამოხვანში არ უშვებს, ამ კარვიდან გააპროტესტებს ნამახვანჰესის მშენებლობას.

სამართალდამცავებს მეორე დღეა გუმათჰესთან გადაკეტილი აქვთ გზა და აქტივისტებსა და მათ მხარდამჭერებს არ აძლევს უფლებას ნამოხვანისკენ გადაადგილდნენ.
სწორედ ამიტომ, აქტივისტების ნაწილი დარჩება გუმათში და აქედან შეუერთდება პროტესტს ნამახვანჰესის წინააღმდეგ.


3 აპრილს ნამახვანჰესის ინვესტორმა კომპანია ENKA-მ სამუშაოები განაახლა. მოსახლეობამ სამუშაოების განახლება გააპროტესტა, ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც. დააკავეს აქციის 2 მონაწილეც.

გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადება გუშინ გაავრცელა შსს-მ. მათი თქმით, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე „დროებით შეიზღუდა უსაფრთხოების მიზნით“.