ჟურნალისტი კლემენ ჟირარდო ყვება, რომ 2025 წლის თებერვალში საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცეს.
ჟირარდო 2012 წლიდან საქართველოში მუშაობს, აქვს საქართველოში ბინადრობის უფლება, ყავს ქართველი ცოლი და შვილი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა.
ჟირარდო წერს:
„ღამით, მიუნხენიდან დაგვიანებული და დამღლელი ფრენის შემდეგ, როცა პასპორტის კონტროლის რიგში ერთ საათზე მეტხანს ველოდე, საქართველოს ტერიტორიიდან გამაძევეს.
პოლიციელმა მომცა ფურცელი, სადაც ეწერა, რომ ქვეყანაში შემოსვლა „სხვა მიზეზით“ ამიკრძალეს და მითხრეს, რომ შესაძლოა მომავალში შევძლო დაბრუნება. შემდეგ გავიგე, რომ ჩემი სახელი და გვარი შინაგან საქმეთა სამინისტროს „წითელ სიაში“ იყო და ეს აკრძალვა დროებითი არ ყოფილა”.
ჟურნალისტის თანახმად, მისთვის ზუსტად არ განუმარტავთ, რატომ არ შემოუშვეს საქართველოში. მაგრამ ჟირარდო დარწმუნებუნლია, რომ ეს გადაწყვეტილება მის საქმიანობას უკავშირდება.
„იმ დროს, როცა ჩემს ქართველ კოლეგებს და დამოუკიდებელ მედიას დიდი პოლიტიკური ზეწოლის ფონზე უწევთ მუშაობა, და როცა მოქალაქეებს სასტიკად ავიწროებენ მხოლოდ იმიტომ, რომ თავიანთი ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს იცავენ.
2012 წლიდან ვწერ საქართველოზე. ამ წლების განმავლობაში შევხვდი სხვადასხვა პროფესიისა და სოციალური ფენის ადამიანებს. თითქმის ყველა კუთხეში ვიმოგზაურე და ყველგან თბილად მიმიღეს.
28 ნოემბრის შემდეგ, ჩემი სამუშაო ძირითადად კონცენტრირდა რეპრესიების მსხვერპლებზე — მჯერა, რომ როგორც ჟურნალისტმა და როგორც საქართველოს მეგობარმა, ჩემი მოვალეობა შევასრულე.
„ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ამიკრძალა საქართველოში შემოსვლა, რადგან სურს, რომ თავისი ავტორიტარიზმისკენ სწრაფვა საზოგადოების თვალისგან მოშორებით განახორციელოს. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ შორს ვარ, „ქართული ოცნება” ვერ მიაღწევს მიზანს. მე გავაგრძელებ საუბარს ქართველი ხალხის ბრძოლასა და მათ ტკივილზე. და, რა თქმა უნდა, იმედს ვიტოვებ, რომ რაც შეიძლება მალე დავბრუნდები თბილისში”. – წერს კლემენ ჟირარდო.
31 მარტს საქართველოში არ შემოუშვეს კიდევ ერთი ფრანგი ჟურნალისტი, ჟერომ შობო.
საერთაშორისო მედია-ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” (RSF) დაგმო „ეს შემაშფოთებელ ტენდენცია, რომელიც მიზნად ისახავს საპროტესტო მოძრაობების დამოუკიდებელი ჟურნალისტური გაშუქების შეფერხებას”.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განსაკუთრებით გახშირდა დასავლელი ჟურნალისტების საქართველოში არშემოშვების შემთხვევები.
20 მარტს საქართველოში არ შემოუშვეს ლიეტუველი უფლებადამცველი, ქალთა უფლებებზე მომუშავე შვედური ორგანიზაციის, Kvinna till Kvinna-ს („ქალები ქალებისათვის“) სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელი რეგინა ეგოროვა-ასკეროვა. ის საქართველოში 15 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და და ქმარი და ორი არასრულწლოვანი შვილი ელოდებოდა.
სხვადასხვა დროს ქვეყანაში შემოსვლის ნება არ მისცეს ჩეხ, ბელგიელ ჟურნალისტებს, ასევე, იმ რუს აქტივისტებს და მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც პუტინის რეჟიმს ეწინააღმდეგებიან.