ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ ფინანსთა მინისტრს ტელეკომპანიების დავალიანებაზე პარლამენტში იბარებს

პუბლიკა

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები” პარლამენტში ფინანსთა მინისტრის მისვლას მოითხოვს.

პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფრაქციის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, რომან კაკულიას მიმართა და საკანონმდებლო ორგანოში ფინანსთა მინისტრის მისვლა მოითხოვა.

დეპუტატებს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან შემდეგი საკითხების განხილვა სურთ:

1. კერძო სატელევიზიო კომპანიების „რუსთავი 2-ის“, „იმედისა“ და „მაესტროს“ ჯამურად 50 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო დავალიანების ამოღების გრაფიკი და აღნიშნული გრაფიკის შეთანხმების საფუძვლები.

2. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2019 წელს გამოვლენილი 100 მლნ ლარამდე ღირებულების ყალბი აქტივების საკითხზე ფინანსთა სამინისტროს ხელთ არსებული ინფორმაცია და სამინისტროს პოზიცია.

3. საქართველოს პარლამენტში მთავრობის მიერ 2017 წელს შემოტანილ კანონპროექტზე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ფინანსთა სამინისტროს პოზიცია.


23 დეკემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ტელევიზიებს, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე აქვთ დავალიანება, ერთი დღის ვადა მისცა, რათა 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა გადაეფარათ. ერთი დღის ვადის გასვლის შემდეგ კი ტელეკომპანია „პირველს“, „კავკასიასა“ და „რუსთავი 2-ს“ ინკასო დაადო.

ინკასო გულისხმობს, თუ გადამხდელი კანონმდებლობით დადგენილ ვადებში არ შეასრულებს ბიუჯეტის წინაშე არსებულ ვალდებულებებს, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული დავალიანების ფარგლებში საბანკო ანგარიშებიდან ჩამოწეროს დავალიანების ოდენობის თანხა.

გუშინ, 22 იანვარს „ტვ პირველის“ დამფუძნებელმა, ვატო წერეთელმა განაცხადა, რომ არხმა ბიუჯეტის დავალიანება დაფარა და, შესაბამისად, მათ ანგარიშს ინკასო მოეხსნა.