ინგა გრიგოლიამ ფინანსთა მინისტრთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა

პუბლიკა

TV პირველის დირექტორმა, ინგა გრიგოლიამ შეხვედრა, სადაც ფინანსთა მინისტრი ტელეკომპანიების წარმომადგებლებს ხვდება, პროტესტის ნიშნად დატოვა. ინგა გრიგოლია ამბობს, რომ მას არ უნდოდა დემაგოგიის მოსმენა და მინისტრს პასუხები არ ჰქონდა მათ კითხვებზე.

„მას წამოსცდა, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ „იმედს“ და „რუსთავი 2-ს“ დავალიანებები შერჩათ და კიდევ „მაესტროს“.  მან თქვა ასეთი რაღაც მგონი, რომ ათი წლით გადაუვადებიათ ვალი „იმედისთვის“. ჩვენ ვუთხარით თუ ათი წლით გადაუვადეთ ჩვენ ორი კვირა რატომ არ მოგვეცით.

მინისტრი, რომელსაც დაავალეს, რომ უბრალოდ ეს გადაწყვეტილება მიეღო, იდგა და იმის ნაცვლად, რომ პასუხი გაეცა, რატომ ჩაგვაყენა ასეთ უსამართლო პირობებში, გვიყვებოდა ხანგრძლივ და დაუსრულებელ ისტორიას, რატომ დაედო ვალები „რუსთავი 2“-ს, რატომ დაედო ვალები „იმედს“. ჩვენ ვუთხარით, რომ ეს არ გვაინტერესებს, ჩვენ მინისტრისგან ვითხოვდით პასუხს, რატომ ჩაგვაყენა ასეთ უსამართლო მდგომარეობაში. ჩემთვის ეს იყო დიდად უინტერესო. არ ვაპირებ მინისტრის დემაგოგიის მოსმენას, მითუმეტეს, რომ პასუხები არ ჰქონდა“, – განაცხადა გრიგოლიამ.

23 დეკემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ტელევიზიებს, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი აქვთ დავალიანება, ერთი დღის ვადა მისცა, რათა 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა გადაეფარათ. ერთი დღის ვადის გასვლის შემდეგ კი ტელეკომპანია „პირველს“, „კავკასიას“ და „რუსთავი 2-ს“ ინკასო დაადო.