ფრაქცია „ლელო" ინსპექტორის სამსახურზე ალტერნატიულ კანონპროექტს დაარეგისტრირებს

პუბლიკა

ფრაქცია „ლელო” პარლამენტში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ ალტერნატიულ კანონპროექტს დაარეგისტრირებს, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე ფრაქციის წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ მმართველი გუნდის მიერ მომზადებული კანონპროექტი წარედგინა. საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი ცვლილებებს უარყოფითად აფასებს. ბიუროს სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ინიციატორი კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის წინადადებისთვისაც გააკრიტიკეს. ამის შემდგომ სხდომაზე ნაცვლიშვილმა კოლეგებს ალტერნატიული კანონპროექტის დაყენების შესახებ ინიციატივა გააცნო.

„ფრაქცია „ლელოს” სახელით, ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ ვისარგებლოთ რეგლამენტის 108-ე მუხლით, რომელიც ეხება ალტერნატიული კანონპროექტის წარდგენას. როგორც რეგლამენტშია აღნიშნული, იმ წუთიდან, როდესაც ბიურო დაიწყებს პროცედურას – კანონპროექტის განხილვის მომენტიდან საკომიტეტო მოსმენამდე, ჩვენ გვაქვს ალტერნატიული წინადადების დაყენების უფლებამოსილება. მე თან მაქვს ალტერნატიული წინადადება, სახელმწიფო ინსპექტორის კანონთან და თანმდევ კანონებთან დაკავშირებით…”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

იურიდიული აპარატის წარმომადგენლის განმარტებით, რეგლამენტის მიხედვით, ფრაქციამ უნდა დაარეგისტრიროს პროექტი, ოფიციალურად უნდა შევიდეს ის ბიუროს სახელზე, ამის მერე ბიუროზე საკითხი აუცილებლად უნდა გავიდეს, ბიურო ჩატარდება და გადასცემს კომიტეტს, შემდეგ კი კომიტეტი განიხილავს ამ საკითხს.

როგორც ნაცვლიშვილმა განაცხადა, თუ ბიურო არ ჩატარდება, ამას აღიქვამენ 108-ე მუხლით გარანტირებული უფლებამოსილების წართმევად.

„იმიტომ, რომ ამ მუხლში წერია, რომ ალტერნატიული წინადადების წარდგენის უფლება გვაქვს, და როდესაც პირველი მოსმენით კანონპროექტი გავა პლენარულ სხდომაზე, ჯერ განიხილება მთავარი კანონპროექტი, ამის შემდეგ განიხილება ალტერნატიული კანონპროექტი. ეს რომ შესაძლებელი იყოს, ჩვენმა კანონპროექტმაც უნდა გაიაროს საკომიტეტო მოსმენა, და მივიდეს პლენარულამდე, ამიტომ გთხოვდით, რომ ჩანიშნოთ ბიუროს სხდომა”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.


მმართველი გუნდის მიერ მომზადებული ცვლილებების მიხედვით ინსპექტორის სამსახური უქმდება და მის ბაზაზე ორი სამსახური:  სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება.