Freedom House-ის რეიტინგში საქართველო 61 ქულით ისევ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების რიგშია

პუბლიკა

Freedom House-ის დემოკრატიის განახლებულ რეიტინგში საქართველო შეფასებულია, როგორც გარდამავალი ან ჰიბრიდული რეჟიმი და კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების რიგშია 61 ქულით. საქართველოს გასულ წელს 63 ქულა ჰქონდა მინიჭებული.

ახალ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო ატარებს რეგულარულ და კონკურენტულ არჩევნებს. ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ტრაექტორიამ გაუმჯობესება 2012-2013 წლებში აჩვენა, როცა ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალა, თუმცა, ბოლო წლებში უკუსვლა შეინიშნება. ოლიგარქის გავლენა აისახება ქვეყნის პოლიტიკურ საქმეებზე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და მედია-გარემოზე, კანონის უზენაესობა კი პოლიტიზაციით არის ძირგამოთხრილი. კვლევის მიმოხილვაში წერია, რომ საქართველოში სამოქალაქო თავისუფლება არათანმიმდევრულად არის დაცული.

Freedom House 2019 წლის ძირითად მოვლენებს გამოყოფს:

• ივნისში თბილისში ათასობით ადამიანმა საქართველოში რუსული გავლენა გააპროტესტა იმ ინციდენტის შემდეგ, რაც რუსი კანონმდებელი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა, რათა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა წაეყვანა. მთავრობამ დემონსტრანტების წინააღმდეგ გადაჭარბებული ძალა გამოიყენა, რამაც, თავის მხრივ, კიდევ რამდენიმეთვიანი საპროტესტო აქციები განაპირობა. მოთხოვნის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა, ხელისუფლებამ კი პირობა დადო, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდებოდა სრულად პროპორციული წესით.

• სექტემბერში შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი გახდა მას შემდეგ, რაც მამუკა ბახტაძე ამავე თანამდებობიდან გადადგა.

• ნოემბერში, დაპირებული პროპორციული საარჩევნო სისტემის განსახორციელებლად საჭირო ცვლილებების შეტანა პარლამენტმა ვერ მოახერხა, რამაც განაახლა პროტესტი.

• ქვეყნის ერთ-ერთი დიდი არხის, რუსთავი 2-ის მფლობელის შესახებ სასამართლო დავა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვიტა, როცა 2019 წლის ივლისში საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონიერად ცნო. საბოლოო ჯამში, ტელეარხის მფლობელები პროსახელისუფლებო პირები გახდნენ, თანამშრომლების დიდმა ნაწილმა რ2 დატოვა და სექტემბერში ახალ მედიას, მთავარ არხს შეუერთდა.