ფრიდონ ინჯიამ 186 000 ევროდ ვერტმფრენი შეიძინა

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის წევრმა, პარტია „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერმა, ფრიდონ ინჯიამ 186 000 ევროდ ვერტმფრენი შეიძინა, – ამის შესახებ მის ქონებრივი დეკლარაციაშია აღნიშნული. დოკუმენტში აღრიცხულია ინფორმაცია 2022 წელს მიღებულ შემოსავალსა და გასავალზე.

დეკლარაციის  მიხედვით, დეპუტატი ფრიდონ ინჯია ფლობს დიდძალ ქონებას, საცხოვრებელ თუ კომერციულ ფართებს, აქვს წილები სხვადასხვა კომპანიაში, ფლობს  აქციებს, ობლიგაციებს. ასევე, გასულ წელს მან სესხის პროცენტის სახით 30 000 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო

დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ ქონებრივი დეკლარაცია 2023 წლის 30 მარტს ჩააბარა. მას დეკლარაციაში მითითებული ჰყავს მხოლოდ მეუღლე, ლალი რუხია, რომელიც ასევე დიდძალი ქონებისა და შემოსავლის მფლობელია.

დეკლარაციის მიხედვით, ფრიდონ ინჯია საკუთარ სახელზე ფლობს სულ მცირე  3 ძვირადღირებული მსუბუქ ავტომანქანას. ამ ავტომანქანებიდან [S 560 MAYBACH] ერთ-ერთი 2021 წელს შეიძინა და  მასში 136 000 ევრო გადაიხადა. ის ასევე ფლობს ძვირადღირებულ ცეცხლსასროლ იარაღს, რომელიც 2016 წელს აჩუქეს.

შევსებული დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატ ფრიდონ ინჯიას ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნუსხა საკმაოდ გრძელია და ის 9 გვერდს მოიცავს.


პარტია „ევროპელი სოციალისტები” საქართველოს პარლამენტში „ოცნების” სატელიტურ პარტიად ითვლება. პარტიის ლიდერმა, ფრიდონ ინჯიამ 2 მაისს პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ  30 აპრილის აქციის („უცნობის“ აქცია) მოთხოვნათა შესაბამისად პარლამენტს საკანონმდებლო პაკეტით მიმართავენ. 30 აპრილის აქციაზე გაჟღერებული იყო ჰომოფობიური და ანტიდასავლური შეფასებებიც.

ფრიდონ ინჯიამ პლენარულ სხდომაზე კიდევ ერთხელ გაახმოვანა აქციის მოთხოვნები, რომელთა შორის იყო ასევე „ლგბტ-პროპაგანდის” კანონით აკრძალვაც და აღნიშნა, რომ უერთდება მათ.