ამერიკული ნავთობმომპოვებელი კომპანია „ფრონტერა“ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა განაგრძობს საჯარო დეზინფორმაციულ კამპანიას მათ წინააღმდეგ. „ფრონტერა” საქართველოს მთავრობას ცილისწამებასა და მიზანმიმართულ შევიწროებაში ადანაშაულებს. მათ განცხადებას უცვლელად გთავაზოვთ:
„საქართველოს მთავრობამ განაგრძო საჯარო დეზინფორმაციული კამპანია ჩვენს კომპანიასთან მისი კონტრაქტის და ბოლო საარბიტრაჟო მოქმედების შედეგების შესახებ, რომელიც მთავრობამ ჩვენს წინააღმდეგ წამოიწყო 2018 წელს. ჩვენ მოვუწოდებთ პრემიერ-მინისტრს და მის მთავრობას, შეაჩერონ ეს გამიზნული მოტყუების, ზიანის მიყენებისა და არაგულწრფელობის პრაქტიკა და ნაცვლად ამისა, უშუალოდ ჩვენს კომპანიასთან პატიოსანი თანამშრომლობა დაიწყონ, რათა ამ გზით, ხელი შეუწყონ პარტნიორობის ჭეშმარიტი სულისკვეთების განვითარებას.
ხუთშაბათს, წლების განმავლობაში მუქარისა და შევიწროების შემდეგ, ოფიციალურმა პირებმა მოულოდნელად განაცხადეს, რომ „მთავრობამ გადაწყვიტა, ჩვენთან კონტრაქტი არ გააქუმოს”. ეს განცხადება შეფუთული იყო ცილისმწამებლური განცხადებებით, რაც მხოლოდ ჩვენი კომპანიის სახელის გატეხვასა და ჩვენი საქმიანობის შესახებ ყალბი განცხადებების გავრცელებას ემსახურებოდა. გვინდა, კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ არასდროს არსებულა ჩვენი ხელშეკრულების ცალმხრივად გაუქმების არანაირი სამართლებრივი საფუძველი. საქართველოს მთავრობის მუდმივი ცილისწამება არასწორია და მიზანმიმართულ შევიწროებას წარმოადგენს. ის მიმართულია შეცდომაში შეყვანისკენ და დიდსულოვნებისა და კეთილმოსურნეობის შთაბეჭდილების შექნისკენ, როდესაც, ფაქტობრივად, ეს არის არაგულწრფელი ქცევის გაგრძელება, რომლის მიზანი აშშ-დან პირდაპირ უცხოური ინვესტიციების შემოსვლისთვის ეშმაკურად ხელის შეშლაა.
მიმდინარე წლის აპრილიდან ჩვენ არაერთხელ მოვითხოვეთ საქართველოს მთავრობასთან შეხვედრა. ყველა ეს მოთხოვნა უარყოფილი ან უგულებელყოფილი იქნა. ახლა, მაღალი თანამდებობის პირები ჩვენს კომპანიასთან კონსტრუქციული შეხვედრის ყოველგვარი მცდელობის გარეშე საჯარო განცხადებას აკეთებენ.
ეს არ არის ნორმალური ქცევა, როდესაც საქმე ეხება აშშ-ის კერძო სექტორის უმსხვილეს ინვესტორთან მუშაობას. ოც წელზე მეტია, ჩვენ საქართველოს ამაყი კორპორაციული მოქალაქე ვართ შეერთებული შტატებიდან. ამ პერიოდის განმავლობაში კახეთის რეგიონში 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განვახორციელეთ, აშშ-დან წამყვანი ტექნოლოგია შემოვიტანეთ; ასობით ქართველი და ამერიკელი დავასაქმეთ და საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის შესაძლებლობა შევქმენით. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ტიპის თამაში ცხადყოფს, რომ ეს აშშ-ს ბიზნესისთვის მისასალმებელ გარემოს არ ჰგავს. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაიცვან საარბიტრაჟო სასამართლოს ბოლოდროინდელი განჩინება, პატივი სცეს ჩვენი ხელშეკრულების პირობებს, გამართონ ჩვენთან კონსტრუქციული შეხვედრა და პირობა მოგვცენ, რომ სამუშაოს უსაფრთხოდ, დაშინებისა და ახალი პირობების გარეშე დავუბრუნდებით,“ – აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც გუშინ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, საქართველოს მთავრობას ჰქონდა საფუძველი, კომპანია „ფრონტერასთან“ ხელშეკრულება სრულად მოეშალა, თუმცა, მიუხედავად ამისა, კომპანიას საქართველოში 1%-ის ფარგლებში სამუშაოების გაგრძელების უფლება დაუტოვა.
„მოგეხსენებათ, ჩვენი, ქართული მხარის სიმართლე დაადასტურა საერთაშორისო არბიტრაჟმა… დავის შემდეგ არბიტრაჟმა პრაქტიკულად მხარი დაუჭირა ქართული მხარის ყველა მოთხოვნას, რის შემდეგაც „ფრონტერას“ დაეკისრა დავასთან დაკავშირებული საფასურის ანაზღაურება, რაც დაახლოებით 6 მილიონი დოლარია. მხოლოდ ეს ფაქტიც კი არის იმის დასტური, რომ „ფრონტერამ“ ეს დავა წააგო. დაეკისრა ძებნა-ძიების არეალის 99%-მდე დაბრუნება სახელმწიფოსთვის და „ფრონტერამ“ უკვე გვაცნობა წერილობით, რომ ამას აბრუნებს და ეს ნაწილი უდავოა. ჩვენ შეგვექმნა სრული საფუძველი იმისა, რომ მთლიანად მოგვეშალა კონტრაქტი „ფრონტერათან“. ეს შეეხებოდა იმ 1% ტერიტორიასაც, სადაც არა „ფრონტერას“ გამო, საბჭოთა დროიდან არსებობს ჭაბურღილები და ხდებოდა ნავთობის მოპოვება. ამ 1%-თან დაკავშირებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, ვაჩერებთ კონტრაქტის მოშლის მოთხოვნას, ვუტოვებთ ამ 1% ტერიტორიას ლიცენზიის ვადით და შეუძლია „ფრონტერას“ გააგრძელოს საქმიანობა”, – განაცხადა თურნავამ.