ვამბობთ უარს, მთლიანად მოვშალოთ კონტრაქტი „ფრონტერასთან“, ვუტოვებთ სალიცენზიო არეალის 1%-ს – თურნავა

პუბლიკა

„ჩვენ გვქონდა და გვაქვს სრული უფლებამოსილება, რომ მთლიანად მოვშალოთ კონტრაქტი „ფრონტერასთან“. ამაზე ვამბობთ უარს და ვუტოვებთ ამ სალიცენზიო არეალის 1%-ს, რომელიც ყველაზე მეტად ღირებულია. იმიტომ, რომ იქ ხდება მოპოვება და სხვა არაფერი არ დაუძიებია ამ წლების განმავლობაში „ფრონტერას“, ვუტოვებთ მათ საოპერაციოდ“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ.

მინისტრმა განმარტა, რომ საერთაშორისო იმიჯს, როგორც მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს მქონე ქვეყნისა, ჩრდილი არ უნდა მიადგეს.

„„ფრონტერამ“ მოახერხა ლობისტების მეშვეობით, სხვადასხვა კავშირის მეშვეობით, შეცდომაში შეეყვანა საკმაოდ ვრცელი და დივერსიფიცირებული საზოგადოება. აქედან გამომდინარე, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ პრაქტიკულად საფუძველს ვაცლით ამ პროცესს…

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ იქნება დასტური იმისა, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ-სთან კვლევაც გაგრძელდეს ის ძალიან წარმატებული ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს პოლიტიკურ სიბრტყეში თანამშრომლობა, სამხედრო სიბრტყეში თანამშრომლობა, განსაკუთრებით ეკონომიკურ სიბრტყეში თანამშრომლობა“, – განაცხადა მინისტრმა.

29 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ კომპანია „ფრონტერასთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეტყობინება გაგზავნა. მათი თქმით, 17 აპრილს გამოიტანეს საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილება დავაზე, რომელიც კომპანია „ფრონტერასთან“ მიმდინარეობდა. დავა კონტრაქტით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობას ეხებოდა.

23 ივნისს კი ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა განაცხადა, რომ მზაადყოფნაა გამოინახოს იმგვარი კომპრომისი, რომ „შესაძლებელი იყოს „ფრონტერას“ მიერ არსებულ საბადოებზე გარკვეული პირობებით მუშაობის გაგრძელება, მათი მხრიდან გარანტიების მიღებით.“