კომპანია „ფრონტერა“ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართავს. წერილი 3 ივნისითაა დათარიღებული და მისი ავტორი ნავთობმომპოვებელი კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე სტივ ნიკანდროსია.
წერილში ნათქვამია, რომ საქართველოში საინვესტიციო და ბიზნესგარემო გაუარესდა, რომელიც სასამართლოს იყენებს როგორც იარაღს და არ ცნობს კანონის უზენაესობას.
„პუბლიკა“ წერილის თარგმანს გთავაზობთ:
„ძვირფასო პრემიერ-მინისტრო გახარია,
გწერთ, რათა გთხოვოთ, ჩაერიოთ სახელმწიფოსთან ჩვენი კონტრაქტის თვითნებურ, არაკანონიერ შეჩერების პროცესში. მიმდინარე მცდელობა, რომ საკუთრების უფლება ჩამოართვათ ჩვენს კომპანიას, ავლენს პატივისცემის ნაკლებობას კანონის მიმართ და პირდაპირი ინვესტიციებისთვის კლიმატს აუარესებს ამერიკისთვის.
ამ უპრეცენდენტო ეკონომიკური გამოწვევების პირობებში, საქართველოს კანონიერი ქმედებები ჩვენს წინააღმდეგ დასრულებულია. კარგი ამბავია, რომ ჩვენი კომპანია ემზადება გაზისა და ნავთობის მოსაპოვებელი სამუშაოების გასაგრძელებად კახეთის რეგიონში, კანონის ფარგლებში. ცუდი ამბავია, რომ თქვენი მთავრობის მხრიდან კონტრაქტის შეჩერების მცდელობის შემდეგ, თქვენი წარმომადგენლები უგულებელყოფენ სასამართლოს გადაწყვეტილებას.
პატივისცემით გწერთ დღეს, რათა გაუწყოთ, რომ სხვა ამერიკული კომპანიების მსგავსად, ჩვენც ვართ მომსწრენი იმისა, თუ როგორ გაუარესდა ქვეყანაში საინვესტიციო და ბიზნესგარემო, რომელიც არ ცნობს კანონის უზენაესობას და იყენებს სასამართლოს, როგორც იარაღს, უპირატესობას ანიჭებს სახელმწიფოს მიტაცებას, ნაცვლად ამერიკულ ინვესტიციებთან პარტნიორობისა.
ეს არ არის ის საქართველო, რომელშიც ჩვენ შემოვედით მოტივირებულები რომ 500 მილიონი დოლარი დაგვეხარჯა, რათა ქვეყანას ნავთობის მოპოვების ნაწილში დამოუკიდებლობა მიეღო.
2013 წლიდან მოყოლებული, ჩვენ ვხედავთ მზარდ ანტიამერიკულ განწყობებს და ასევე დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას მნიშვნელოვანი ამერიკული ინვესტიციებისა და ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, თავისუფალი ეკონომიკური ბაზრის სისტემატურ ნგრევას. შედეგად, საქართველო დავიდა რუსული სტილის კლეპტოკრატიამდე, რომელიც მხოლოდ შენიღბულია, როგორც ამერიკული დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფალი ბაზრის გამზიარებელი. ეს „პოლიტიკური თეატრი“ გამიზნულია მხოლოდ უწყვეტი ამერიკული დახმარების მისაღებად შტატების მთავრობიდან. ეს ფარსი უნდა დამთავრდეს.
ამ სისტემის პირობებში ეკონომოკური ზრდა შეუძლებელია. საბოლოო ჯამში, რეალურად დამარცხებული ქართველი ხალხია და მათი ოჯახები. ამიტომ საქართველოს ლიდერები უნდა გასამართლდნენ და პასუხი აგონ საკუთარი ქმედებებისთვის და არა პოლიტიკური რიტორიკისთვის.
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
რუსული ენერგოგიგანტი, „როსნეფტი“ შემოვიდა საქართველოში 2013 წელს და მას შემდეგ დაუსჯელად საქმიანობს, მიუხედავად აშშ-ის სანქციებისა და საქართველოს კანონის დარღვევისა. „როსნეფტს“ მიეცა უფლება, სტრატეგიულად დაფუძნებულიყო ფოთის პორტში, ნავთობის ტრეიდინგისა და საწვავის დისტრიბუციის სტრუქტურებში. ამავე წელს ჩვენი კომპანიის წინააღმდეგ კი დაიწყო კონტრაქტის შეწყვეტის თვითნებური მცდელობა, რომელიც მოგვიანებით საარბიტრაჟო სასამართლომ უკანონოდ ცნო. რატომ?
ბუნებრივი გაზის იმპორტის ფავორიტული პირობები მიენიჭათ „გაზპრომსა“ და „სოკარს“, საქართველოს ხელისუფლება აწარმოებდა მოლაპარაკებას ირანის მთავრობასთან გაზის იმპორტთან დაკავშირებით. ამავე დროს კი „ფრონტერას“ მცდელობა, რომ აეთვისებინა გაზის საბადო აღმოსავლეთ საქართველოში, რომელსაც შეეძლო, უფრო იაფი და კონკურენტული გაზი მიეწოდებინა ქართველი მომხმარებლისათვის, სახელმწიფოს მხრიდან მუდმივად აწყდებოდა კონტრაქტის გაუქმების, სახელმწიფო მედიის დეზინფორმაციასა და ექსპროპრიაციას. რატომ?
2016 წელს, ჩინურ „სიიეფსის“ გადაეცა 75-პროცენტიანი საკონტროლო პაკეტი, ფოთის სტრატეგიულ თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში. თქვენ პირადად ჩახვედით ჩინეთში რომ გეზეიმათ ხელშეკრულების ხელმოწერა. თუმცა, კომპანიამ ვეღარ განახორციელა 150 მილიონი დოლარის საინვესტიციო ვალდებულება, რასაც არც ჯარიმა და არც საჯარო კრიტიკა არ მოჰყოლია. თქვენ კი საჯაროდ მოიხსენიეთ „ფრონტერა“, როგორც „არაკეთილსინდისიერი კომპანია“ და ეს მაშინ, როცა „ფრონტერამ“ 500 მილიონ დოლარზე მეტის ინვესტირება განახორციელა საქართველოში, მიუხედავად მხოლოდ 18 მილიონი დოლარის ვალდებულებისა. თანაც, ნავთობისა და გაზის ის მარაგი აღმოაჩინა, რაც საქართველოს გახდის ენერგოდამოუკიდებელს. რატომ?
2017 წელს, თბილისში გამართულ საქართველო-ირანის ბიზნესფორუმზე თქვენ განაცხადეთ საქართველოში ირანული ინვესტიციების 657%-იანი ზრდის შესახებ. ამავე წელს, თქვენმა მთავრობამ წამოიწყო საარბიტრაჟო დავა საქართველოში ყველაზე დიდი ამერიკელი ინვესტორის, „ფრონტერას“ წინააღმდეგ, კონტრაქტის გაუქმების მიზნით. რატომ?
ყველა იმ კომპანიის მსგავსად, რომლებიც წინ აღუდგნენ ანტი ამერიკულ კლეპტოკრატიულ პოლიტიკას, ჩვენც გავხდით სახელმწიფოს მიერ მართული და რუსული მედიის ცილისმწამებლური კამპანიის სამიზნე, საეჭვოდ მსგავსი ყალბი ამბების გამოყენებით ჩვენი კომპანიის წინააღმდეგ, მათ შორის, ჩვენი სამუშაოების და არბიტრაჟის გადაწყვეტილების შესახებ. რატომ?
ყველა მხარე დაზარალდა თქვენი მთავრობის მიერ განხორციელებული ძვირი და წარუმატებელი შეტევის შედეგად. თუკი საქართველოს ნამდვილად სურს გრელვადიანი ქართულ ამერიკული-სტრატეგიული პარტნიორობა, მაშინ კითხვა ისმის „რატომ მუშაობთ ამდენს და ხარჯავთ ამდენ თანხას, რათა შეუწყვიტოთ კონტრაქტი ყველაზე დიდ ინვესტორს შეერთებული შტატებიდან?“
ახლა, როცა ხელისუფლების იურიდიული ქმედება „ფრონტერას“ წინააღმდეგ დასრულდა, იმედი გვაქვს, რომ კონსტრუქციული სულისკვეთებით დავხურავთ ამ თავს და უფრო ძლიერ და წამახალისებელ სიგნალს გაუგზავნით ამერიკულ კომპანიებს. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს ელის მრავალწლიანი წარმატებული ამერიკული კერძო ინვესტიციები”.
„ფრონტერას“ ამ წერილს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა პასუხობს.
მინისტრი აცხადებს, რომ „ფრონტერას“ მსგავს განცხადებებს საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის სიმშვიდითა და საერთაშორისო ნორმების დაცვით პასუხობდა, იმიტომ, რომ საერთაშორისო არბიტრაჟი მიმდინარეობდა და ქართული მხარე ზედმეტი რიტორიკისგან თავს იკავებდა.
თურნავას თქმით, საერთაშორისო არბიტრაჟი დამთავრდა საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ, ნავთობისა და გაზის კორპორაციის, ნავთობის სააგენტოს სასარგებლოდ და ეკონომიკის მინისტრმა მოუწოდა კომპანია „ფრონტერას“, დროულად შეასრულოს ის გადაწყვეტილება, რაც საერთაშორისო არბიტრაჟმა მიიღო.
„თუ გსურთ, მეტი დეტალი შეიტყოთ და საბოლოო სიმართლე, მოდით, ერთად მოვუწოდოთ კომპანია „ფრონტერას”, გაასაჯაროვოს ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო საერთაშორისო არბიტრაჟმა”, – აცხადებს თურნავა.